პოლიციელს, რომლის გასროლილ ბრმა ტყვიას ქალი ემსხვერპლა ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურა

21 აპრილი 2020, 16:31 1970 ნახვა

თბილისის პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს  ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ბრალდებული იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი   გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში,  თავისი კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით.

შედეგად, მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში  მყოფ ქალს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
საქმეზე ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის  შემთხვევის ადგილის დათვალიერება,  ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც  ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის 13 მასრა და მის საკუთრებაში არსებული „ვიკინგის’’ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. სროლის მანძილზე დანიშნულია ექსპერტიზა, ასევე ექსპერტების მიერ განხორციელდა ნიმუშების აღება. მოწმის სახით გამოიკითხა არაერთი პირი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სროლის განხორციელების მომენტში ს.გ. საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა მარტო. მასთან სტუმრად მყოფმა პირებმა ბინა დატოვეს სროლის განხორციელებამდე რამოდენიმე ხნით ადრე, რაც დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხვისას როგორც თავად აღნიშნულმა სამმა პირმა, ასევე საცხოვრებელი კორპუსის დატოვების ფაქტი ასახულია  კორპუსზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნის თაობაზე.

ბრალდებული პოლიციელის  მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობდა.

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი