პლაქველინით მკურნალობის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი უსაფუძვლოა - ინფექციური

21 აპრილი 2020, 13:48 1404 ნახვა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს COVID -19 მკურნალობის ქართული პროტოკოლის შესახებ და აღნიშნავს, რომ ის აჟიოტაჟი რაც პროტოკოლის ირგვლივ მიმდინარეობს საფუძველს მოკლებულია. საქმე ეხება უსიმპტომო პაციენტების პლაქველინით მკურნალობას.

„ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო პაციენტები პლაქველინით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქველინი ინიშნება მხოლოდ საშუალო მძიმე და ძალიან მძიმე მიმდინარეობის მქონე პაციენტებში"- აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

სახელმწიფო მკურნალობის პროტოკოლზე განცხადება ლევან რატიანმაც გააკეთა. ის აღნიშნავს რომ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა მიმდინარეობს სიმპტომურად სახელმწიფო პროტოკოლის მიხედვით.

„თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის, დარიგების სურვილი აქვს, აი კლინიკა, მოვიდნენ ჩვენთან ერთად იმ სივრცეში რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია და იმუშაონ. ჩვენ გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება დავინფიცირდეთ გავხდეთ კრიტიკული პაციენტები და სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით დავამთავროთ"-განაცხადა ლევან რატიანმა.

ამერიკაში მყოფმა ექიმმა ზურაბ გურულმა, რამოდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი COVID -19 ის მკურნალობის პროტოკოლი და პრეპარატ პლაქველინის გამოყენება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში