თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, აჭარა კორონავირუსთან საბრძოლველად კარგად არის მომზადებული, როგორც სამედიცინო პერსონალით ასევე კლინიკებით. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბათუმში არაერთი მძიმე პაციენტი გადაარჩინეს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ეს განმარტება კოვიდ ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო.
''რამდენიმე დღის წინ ვიყავი "მედალფაში" და გავეცანი მათ საქმიანობას, ასევე დავათვალიერე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ვიცი ეს პაციენტი, ვიცნობ მის მდგომარეობას. მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი. მას კორონავირუსი რომც არ დამართნოდა ის ისედაც იყო მძიმე და უიმედო იყო. შაქრიანი დიაბეტი და სხვა თანხმლები დაავადებები ჰქონდა. ყველაფერ ამას დაემატა ვირუსი. ბათუმმა ჩემზე დატოვა კარგი შთაბეჭდილება. ქვეყნის მასშტაბით ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა. მათ ასეთი მძიმე პაციენტი არაერთი გადაარჩინეს. ყველას ვერ გადაარჩენ.
ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, სადაც ვიმყოფებოდი, იქ უკვე ყავდათ პაციენტები. აჭარის რეგიონი ყველაზე უკეთ არის უზრუნველყოფილი როგორც სამედიცინო ინფრასტრუქტურით ასევე სამედიცინო კადრებით'' - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 86 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 4 ადამიანი.