საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას ახალი საინფორმაციოს უფროსი ყავს. თანამდებობაზე საკონკურსო კომისიის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. ამ პოსტზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, ვახო ხუზმიაშვილმა შეიტანა, რომელსაც მაუწყებელში დირექტორის პირველი მოადგილის პოზიცია ეჭირა. გადაწყვეტილება კომისიამ ხმათა უმრავლესობით მიიღო.
"განისაზღვრა 4 კრიტერიუმი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ, ყველა კრიტერიუმს ქონდა მინიჭებული ქულა და მოხდა მათი არითმეტიკული შეჯამება. მუშაობას იგი დღეიდან შეუდგება. დღესვე ის გათავისუფლდა დირექტორის მოადგილის პოზიციიდან განვითარების დარგში, რომელსაც აქამდე იკავებდა"-განაცხადა საკონსკურსო კომისიის წევრმა, ნათია გოგიჩაიშვილმა.
კონკურსი დისტანციური წესით ჩატარდა. საკონკურსო კომისიის წევრი ლალი ბერძენიშვილი აცხადებს, რომ იგი ბევრ კანდიდატს მოელოდა, რაც კონკურსს უფრო საინტერესოს გახდიდა.
"ერთი კანდიდატი ქმნის ზოგადად დისკომფორტს, როცა არჩევანის საშუალება არ გაქვს, თუმცა არჩევანის საშუალება მაინც არის რადგან შეგიძლია აირჩიო ან არ აირჩიო. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ველოდებოდი, რომ მეტი კანდიდატი შემოიტანდა განცხადებას, რადგან ეს არის ადგილი საიდანაც შენი ჟურნალისტური ვალდებულებების უკეთ განხორციელებას შეძლებ"- განაცხადა ლალი ბერძენიშვილი.
ვინ დაიკავებს დირექტორის მოადგილის პოზიციას მაუწყებლის განვითარების მიმართულებით ამ ეტაპზე უცნობია.
კომისიის შემადგენლობაში მაუწყებლის თანამშრომლები ჯემალ გვეტაძე, ლალი ბერძენიშვილი და ნათია გოგიჩაიშვილი იყო.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კოხრეიძემ, დისციპლინარული წარმოების საფუძველზე შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ღლონტი კოხრეიძის გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. მას აღნიშნული თანამდებობა 2014 წლის 21 იანვრიდან ეკავა.
ხუზმიაშვილი 2000 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში საინფორმაციოს მიმართულების პროდიუსერად აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში პოსტის დაკავებამდე იყო ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.