საქართველოში 21 მარტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანციის დაცვა და სახლში დარჩენა. მიუხედავად ამისა, უკვე რამდენიმე დღეა ბათუმის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობის მიზნით რიგი აკრძალვების შემდგომ მოქალაქეების ხმოვანი შეტყობინებების სახით გაფრთხილება დაიწყო. ადმინისტრაცია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს დარჩნენ სახლში ან განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევებში ბულვარში გადაადგილების დროს დაიცვან გათვალისწინებული რეკომენდაციები.
"ბულვარის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დაემორჩილოთ ხმოვანი გაფრთხილების მითითებებს, რითიც საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად დაიცავთ თქვენი ახლობელისა თუ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას"-წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბულვარის ტერიტორიაზე გადაადგილებისას აუცილებლია დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:
➤პირველ რიგში, ბულვარში გადაადგილებისას აუცილებელია დაიცვათ სოციალური დისტანცია.
➤თავი შეიკავეთ შეკრებისაგან და მაქსიმალურად შეზღუდეთ გადაადგილება.
➤ აკრძალულია ბულვარის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ატრაქციონებითა და სავარჯიშო მოწყობილობებით სარგებლობა.
➤გაითვალისწინეთ საქართველოსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები.