"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ" - ამირან გამყრელიძე

14 აპრილი 2020, 20:52 3364 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში ისევ აქტიურად მოძრაობენ ავტომობილები, რაც დაუშვებელია, "ცეცხლს ვეთამაშებით" რადგან მომავალი ორი კვირა ძალიან მძიმე იქნება.

"ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში, ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია, ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. რადგან, 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად. ამის ნიშანი გუშინ გვქონდა. - აცხადებს გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვას ყველას ის წესი, რასაც საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს.

"თუ ჩვენ დღეს მოვადუნეთ სოციალური დისტანცირება და არ დავიცავით საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები, იცოდეთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში რამოდენიმე ათასეული შემთხვევა გვექნება ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით კორონავირუსის ფაქტის მომატების შემთხვევაში, დაინფიცირებული პაციენტების 20-30% დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი აღმოჩნდება ჯანდაცვის სისტემისთვის.

„რამდენიმე ათასეულიდან იანგარიშეთ, რომ 20-30 პროცენტს დასჭირდება ინტენსიური თერაპია და რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და სამწუხაროდ, გვექნება დანაკარგები" – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე თხოვს მოსახლეობას, ყველამ დაიცვას კანონი, რათა ორი-სამი კვირა შედარებით რბილად გავიაროთ და ფართომასშტაბიან ეპიდემიას ავცდეთ. 

ამ დროისთვის საქართველოში  კორონავირუსის ​296 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 69 მოქალაქე.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში