მრევლს ვთხოვთ მოიტანონ ქოთანში გაზრდილი ბზა - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

10 აპრილი 2020, 19:52 5933 ნახვა

ქვეყანაში არსებული საგანგებო რეჟიმის გამო გარე ვაჭრობა აკრძალულია, შესაბამისად საქართველოში არსებულ მოქმედ ეკლესიებში ბზა არ გაიყიდება. 

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის, დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, მრევლს  შეუძლია სახლში გაზრდილი ბზა ქოთნით მიიტანოს ტაძარში, სადაც მისი კურთხევა მოხდება.

"ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში წლებია უკვე, რაც ტაძრებში აღარ იყიდება ბზა. სამღვდელოება წლების განმავლობაში მოვუწოდებდით მრევლს, რომ გაეზარდათ სახლში, ქოთნებში ბზა და ყოველ წელიწადს მოხდებოდა, მათი ხელახლა კურთხევა. ჩვენ არ მიგვაჩნდა ლამაზ საქციელად ის, რომ ამდენი ბზა ნადგურდებოდა.

ეს არის რა თქმა უნდა გარეგნული მხარე და სიმბოლო, როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში დიდებით შედიოდა, მოციქულები და მოსახლეობა ქრისტეს ადიდებდა და უგალობდა. უგებდა თავის შესამოსელს და პალმის რტოებს. რადგანაც პალმა ჩვენთან არ მოიპოვება, კავკასიურ პალმას ბზა ჰქვია თარგმანებით. ამიტომაც ჩვენთან, ტრადიციულად ბზას ვაკურთხებთ და ეს არის სიმბოლო, როდესაც მაცხოვარს იმ დროინდელი მოსახლეობა შეხვდა დიდებით შესვლას იერუსალიმში, ჩვენც ასევე ბზებით ხელში ვეგებებით დღესასწაულს", - განაცხადა დეკანოზმა

ეპარქიაში ბზობის დღესასწაულს, ყველა მოქმედ ტაძარში, დისტანციით და წესების დაცვით აღნიშნავენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ ბზის რეალიზაცია შეაჩერა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში