პირველად 31 წლის შემდეგ, კომენდანტის საათის და კორონავირუსის გამო, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ხალხმრავლობა არაა. მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე იმყოფებოდა, რომელბმაც ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
ამ დღეს მემორიალს მთავრობის, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსის წევრები და მოქალაქეები ყვავილებით ამკობდნენ და სანთლებს ანთებდნენ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. 1989 წლის ამ დღეს გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, დაიღუპა 21 ადამიანი.
პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა.