ბათუმში გუშინ კორონავირუსი დაუდგინა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ქობულეთში, სოფელ გვარაში იყო სტუმრად.
დღეს კი COVID-19 კიდევ 5 ადამიანს დაუდასტურდა - ისინი გუშინ, 7 აპრილს, ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით პირველ ეტაპზე გატესტილი მედპერსონალიდან რომელთანაც აღნიშნულ ქალს შეხება ჰქონდა კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ნინო ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, რადგან კონტაქტირებულ პირთა კვლევა გრძელდება.
"სამედიცინო პერსონალს შორის კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. მედიკოსებიდან, რომლებიც პირველ ეტაპზე გავიყვანეთ კარანტინში ძირითადად არიან ბათუმის სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ პირველ პაციენტთან და არა ამ დადასტურებულ ხუთთან. ახლა ჩვენ უკვე შევისწავლით ამ 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კავშირში მყოფ სამედიცინო პერსონალს, მათ მიეცემათ მკაცრი გაფრთხილება თვითიზოლაციის ან კარანტინის და მოხდება მათი იზოლაცია და ლაბორატორიული კვლევა"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.