კორონავირუსით ინფიცირებული 18 ახალი შემთხვევიდან, სამი ბათუმში დადასტურდა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ იმყოფებიან. ექიმები ამ დრომდე ელოდებიან კიდევ ერთი პაციენტის პასუხს.
მედიკოსების განმარტებით, ორი პირი საკარანტინო ზონიდანაა გადაყვანილი, ორი კი ცხელების ცენტრიდან.
''გუშინ ჩვენთან 4 ახალი პაციენტი გადმოიყვანეს, ორი შემოვიდა კარანტინიდან, ორი ცხელების ცენტრიდან. სამ მათგანს კოვიდ ინფექცია დადასტურებული აქვს. ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს. ორი სტაბილურია, მათ ცალმხრივი პნევმონია აღენიშნება. ერთის პასუხი დღეს იქნება'' - აცხადებენ კლინიკაში.
ამ ეტაპზე „მედალფაში“ 13 პაციენტი იმყოფება, აქედან 12 ინფიცირებულია. ერთი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღეს 188-მდე გაიზარდა.