საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განმარტებით 2 მილიარდი ლარი იქნა გამოყოფილი ბიუჯეტიდან, რომელიც იქნება მიმართული როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების დახმარებაზე. მისივე თქმით, ერთ-ერთი ამ დახმარების ნაწილია საკრედიტო მექანიზმის უზრუნველყოფა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სესხების საგარანტიო მხარდაჭერას თითოეულ დარგს შესთავაზებენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ ციფრებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ დარგების მიხედვით იქნება სესხების სხვადასხვა მოცულობა.
"ჩვენი გზავნილი ბიზნესისთვის არის ის რომ, მას შემდეგ რაც ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყება და ბიზნესი შეძლებს ფიქრს ახალი ბიზნესსპროექტების წამოწყებაზე მთავრობა გვერდით დაუდგება, იმისთვის, რომ მეტი კომფორტით აიღონ სესხი.
ჩვენ ვმუშაობთ ბიზნესთან, რომ მათზე ორიენტირებული მექანიზმები შევთავაზოთ. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია სესხების საგარანტიო მექანიზმის შექმნა. ჩვენ ამ პროდუქტზე ვმუშაობთ კომერციულ ბანკებთან და ეროვნულ ბანკთან. საგარანტიო მექანიზმი არის გათვლილი დაახლოებით 2 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გადაზღვევაზე. სხვადასხვა ინსტრუმენტები სხვადასხვა დარგებისა და სექტორებისთვის იქნება შემუშავებული. კონკრეტული პროგრამები იქნება შემუშავებული იმისთვის, რომ ბიზნესს მიეცეს საშუალება, ახალი სესხის აღების შემთხვევაში ისარგებლონ მთავრობის მხარდაჭერით, რათა ბანკებიც და ბიზნესიც იყოს გარანტირებული,რომ კომპანიები შეძლებენ სესხების მომსახურებას"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, მათი ამოცანაა პოსტკიზისულ პერიოდში დავუდგენ გვერდში ქართულ ბიზნესს.