ბათუმში მოხუცი ქალი სიცხიანი ორი საათი ატარეს, კლინიკა არ ღებულობდა - მოქალაქის წერილი 

01 აპრილი 2020, 18:33 18265 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც მოგვიყვა, რომ ორი დღის წინ, 30 მარტს, მისი ოჯახის წევრს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. 80 წლის ქალს მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა. ბინაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ექიმების გადაწყვეტილებით ქალის კლინიკაში გადაყვანა გახდა აუცილებელი, რადგან ჟანგბადის ნაკლებობა ჰქონდა. 

ოჯახის წევრი გვიყვება, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 80 წლის ქალი, რომელსაც 39 გრადუსზე მაღალი სიცხე ჰქონდა, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ავტომობილით სხვადასხვა კლინიკაში ატარა.

მისი თქმით, ქალი ჯერ კლინიკა მედინაში მიიყვანეს, შემოწმების დროს მას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ამიტომ არ მიიღეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოგვიანებით პაციენტი მედცენტრში მიიყვანა, სადაც ასევე უარი უთხრეს, რადგან იქ ბევრი სხვა ტიპის პაციენტი იმყოფებოდა. მოგვიანებით, ცხელ ხაზთან გარკვევის შემდეგ, ასაკოვანი ქალი რეფერალურმა საავადმყოფომ მიიღო. 

''ბებია მძიმედ იყო, სუნთქვა უჭირდა და სიცხე ჰქონდა. ექიმები კი მას კლინიკიდან- კლინიკაში ატარებდნენ. ტემპერატურის გამო არ მიიღეს. ბუნებრივია პნევმონიის, სუნთქვის გაძნელებისა და სიცხის გამო, ეჭვი კორონავირუსზე გაუჩნდათ.  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხომ უნდა იცოდეს სად წაიყვანოს ასეთი პაციენტი'' - ყვება ლამარა.

სასწრაფო დახმარებაში დაადასტურეს ფაქტი, რო 30 მარტს, კონკრეტული ეს პაციენტი ჰყავდათ და ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გვითხრეს, რომ ორი დღის წინ ზუსტად არ იყო განსაზღვრული სად უნდა წაეყვანათ სიცხიანი პაციენტები, თუმცა უკვე ეს საკითხი დაზუსტებულია. თქვეს, რომ შესაბამისი შეთანხმების გარეშე, საეჭვო სიმპტომების მიყვანა, ყველა კლინიკაში არ შეიძლება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის პროტოკოლი, რომლითაც მედიკოსები ხელმძღვანელობენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რეგიონის მასშტაბით შერჩეულია რამდენიმე კლინიკა, რომელიც ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტებს მიიღებენ. ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტის შესახებ არ სმენია.

''ვერ გეტყვით ეს კონკრეტული ფაქტი ცნობილი არ არის. 112-ში უნდა დარეკონ წესით, თუ მას აქვს თანდართული ისეთი ნიშნები, რომელიც ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას განსაზღვრავს, ჰოსპიტალი ღებულობს. აქ არის რამდენიმე კლინიკა შერჩეული, თუმცა გვაქვს კრიტიკული სიტუაციები, როდესაც არ არის ადგილი. მაგალითად გუშინ ბევრი პირი იყო ინფექციურ საავადმყოფოში, რომელთა ჰოსპიტალიზაცია არ იყო საჭირო.

ის დატრენინგებული პირველადი ჯანდაცვის სექტორი როდესაც ჩაერთვება საქმეში და ეს გუშინ დავიწყეთ, ეს პროცესი უკვე რეგულირებადი იქნება. მედიკოსები გადაწყვეტენ უნდა იყოს პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დისტანციურ მართვაზე თუ სამედიცინო დაწესებულებაში,'' - ამბობს ნინო ნიჟარაძე.

27 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე განაცხადა, რომ ქვეყანაში ე.წ. ცხელების კლინიკები გაიხსნება და ის ყველა რეგიონში იმუშავებს. აღნიშნული ცენტრები ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში გაიხსნება და იქ განთავსდებიან მოქალაქეები, რომელთაც ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.

როგორც ცნობილია აჭარაში ასეთი ორი ცენტრი იფუნქციონირებს, ეს არის ბათუმის ინფექციური საავადმყოფო და ქობულეთის სამედიცინო დაწესებულება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი