თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევიდან, 4 პირი გორის ჰოსპიტალში, 2 კი საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მარინა ეზუგბაიას თქმით, წყარო ცნობილია და ის ბოლო ორი შემთხვევის კონტაქტებია.
''ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ერთი შემოგვემატა, ეს არის ინგლისიდან ჩამოსული. 6 ახალი შემთხვევა ბოლო ორი შემთხვევის კონტაქტებია. 4 მოთავსებულია გორის საავადმყოფოში, ორი კი საუნივერსიტეტო კლინიკაში.
მთლიანად ქვეყანაში 6 ადამიანის მდგომარეობა არის მძიმე და კრიტიკული, ჩვენთან 4 მძიმე პაციენტი გვრჩება.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, მოქალაქეებს ადგილზე ვუტარებთ ტესტირებას. გუშინ 21 ანალიზი ავიღეთ, აქედან ნაწილი იყვნენ ჩვენები, რომელთა გამოჯანმრთელებას ველოდებით. ჯერ-ჯერობით მაინც მაინც უფიქსირდებათ ვირუსი. დღეს დილით მხოლოდ 4 ნაცხი ავიღეთ, ვნახოთ რამდენი შემოგვემატება. კლინიკაში 29 პაციენტი რჩება კორონავირუსზე დადასტურებული, 17 გაეწერა. აქედან ორმა ბავშვმა დატოვა და სამი დატოვებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია'' - უთხრა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 97 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.