სახალხო დამცველის განცხადება

23 სექტემბერი 2016, 00:00 2154 ნახვა

პირდაპირი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით – სახალხო დამცველი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს „ქობულეთის წყალს“  რეკომენდაციით მიმართავს, რომლითაც დაადგინა, რომ მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა ხდება მისი საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით. რეკომენდაციის თანახმად, მუსლიმი თემი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს მის მფლობელობაში არსებული შენობით, რომელშიც ბავშვთა სასწავლო პანსიონის გახსნა იგეგმება. კერძოდ, აღნიშნული საკითხის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ფონზე, ვერ ხერხდება შენობის წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთება. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მუსლიმ თემს ეზღუდება რელიგიის თავისუფლების სწავლების გზით რეალიზაციის შესაძლებლობა და დაადგინა, რომ ადგილი აქვს პირდაპირ დისკრიმინაციას რელიგიური მოტივით. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მოპასუხეებს მიმართა, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რომ შენობით სარგებლობა სასწავლო წლის დაწყებისთანავე იყოს შესაძლებელი, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოუწოდა, რომ უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დამცველის განცხადებაზე განმარტება დღეს არ გაუკეთებიათ.

ამავე კატეგორიაში