ბათუში COVID 19-ის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

20 მარტი 2020, 19:11 9133 ნახვა

დღეს, 20  მარტს, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. #2 პაციენტი საქართველოში ორი დღის წინ, საფრანგეთიდან შემოვიდა. მას ჰქონდა დაბალი ტემპერატურა, რის გამოც გადაიყვანეს ტესტირებაზე. ლუგარის ლაბორატორიიდან ვირუსზე დადებითი პასუხი მოვიდა. 

მინისტრი აცხადებს, რომ პაციენტს ქვეყანაში არავის ჰქონია შეხება, ის საბაჟოდან პირდაპირ გადავიდა საკარანტინე ზონაში. 

"როგორც მოგეხსენებათ, საკარანტინო ზონიდან  მინიმალური ნიშნების მქონე ადამიანები გადაგვყავს ინფექციურ საავადმყოფოში.  დღეს დილით 7 ადამიანი გადავიყვანეთ და ჩავუტარეთ ტესტირება, აქედან 6 უარყოფითი პასუხი ამოვიდა, ხოლო ერთს დაუდასტურდა.  როგორც იცით, ბათუმში გვქონდა ერთი დადასტურებული შემთხვევა, ეს არის უკვე მეორე შემთხვევა. 

ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილური და მსუბუქია. ორივე პაციენტს აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია, ისინი პირდაპირ საბაჟოდან გადმოყვანილები იქნენ საკარანტინო ზონაში. აქედან გამომდინარე, ვიცით ყველა შესაძლო კონტაქტი და სიტუაცია სრულად მართულია. ყველა ჯგუფთან მიდის მუშაობა.  პაციენტმა საზღვარი ორი დღის წინ გადმოკვეთა. მას 37.1 ჰქონდა სიცხე" - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.   

დღეს, ოფიციალური საიტის დილის მონაცემებით, საქართველოში 43 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული კორონავირუსი, ეს ფაქტი 44-ა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში