თუ ვირუსის უკონტროლო ზრდა დაფიქსირდა მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება - ჯანდაცვის მინისტრი

18 მარტი 2020, 13:17 2026 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თუ ვირუსის უკონტროლო ზრდა დაფიქსირდება, კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, თუ როგორ მართავენ ისინი ეფექტურად კორონავირუსის გავრცელებას და შემდეგ მის მკურნალობას, ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებებს. კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, როგორც კორეასთან სახელმწიფო დონეზე, ასევე ჩინეთთან სახელმწიფო დონეზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს ჩვენ შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც უკვე მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასობრივი ტესტირება კორონავირუსზე“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა განმარტა თუ რას ნიშნავს მასობრივი და აგრესიული ტესტირება. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით აგრესიული ტესტირება საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ბევრი ფაქტი ადრეულ ეტაპზე. მან ამის მაგალითად მოიყვანა კორეა.

ამასთან, ტიკარაძის განმარტებით, მზადდება კონკრეტული გეგმა და პროცესში ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან.

„აგრესიული ტესტირება არ გულისხმობს იმას, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კორონავირუსი მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და უფრო მეტად ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფშია გავრცელებული კორონავირუსი. მსგავსი ტესტირებები მიმდინარეობს ასევე გრიპის ვირუსზე და ეს არის ზოგადად მიღებული პრაქტიკა, როდესაც ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ, არის თუ არა ქვეყანაში ეპიდემია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი