გურიაში დაყაჩაღებული და ნაწამები მოხუცების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

17 მარტი 2020, 10:50 2050 ნახვა

სამართალდამცველებმა ოზურგეთში  1987 წელს დაბადებული პირი, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მარტს, ბრალდებული 2 თანამზრახველთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს მათსავე საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ თავდამსხმელები სახლის მეპატრონეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გასტაცეს 2000 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება გრძელდება ბინაში უკანონოდ შეღწევის გზით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში