თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან პნევმონია 8 პაციენტს აღენიშნება

16 მარტი 2020, 11:02 1356 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებიდან მხოლოდ 8 პირს აქვს პნევმონია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 4 მათგანს შედარებით მძიმე ფორმით. 

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„პნევმონიით 8 პაციენტი გვყავს, მათგან ოთხი მძიმე პნევმონიით ფასდება, სტაბილური სიტუაციაა დაწყებული მკურნალობის ფონზე და ვიმედოვნებთ, რომ პროგრესირება არ იქნება. ალბათ, გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება გაუმჯობესება და გამოჯანმრთელებისკენაც წავალთ. დანარჩენ ოთხ შემთხვევაში საშუალოზე მსუბუქი მიმდინარეობით არის პნევმონია. მდგომარეობა აქაც მკურნალობას ექვემდებარება ამ ეტაპზე და მათთანაც არ შეინიშნება პროგრესირება,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ტესტი განმეორებით ჩაუტარდა და პასუხი კვლავ უარყოფითია. 

„გუშინ დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტთანაც, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ჩატარდება ტესტირება. ალბათ დღის ბოლოსკენ ბატონი თენგიზი მოგახსენებთ პასუხს. ვიმედოვნებთ, იქაც ალბათ პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი“, - ამბობს მარინა ეზუგბაია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი