საარჩევნო წელს მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა - არასამთავრობოები

06 მარტი 2020, 22:28 2393 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ ვითარებას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოეხმაურა. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრებს მიაჩნიათ, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები აზარალებს არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არხის ახალი მენეჯმენტი სრულ იგნორირებას უკეთებს არა მხოლოდ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების განცხადებებს, როგორიცაა რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, არამედ სახალხო დამცველის მოწოდებებს, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საკუთარი თანამშრომლების პროტესტს.

განცხადების ავტორები წერენ, რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

''აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრებს მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია. ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები აზარალებს არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

აღმაშფოთებელია ფაქტი, რომ არხის ახალი მენეჯმენტი სრულ იგნორირებას უკეთებს არა მხოლოდ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების განცხადებებს, როგორიცაა რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, არამედ სახალხო დამცველის მოწოდებებს, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საკუთარი თანამშრომლების პროტესტს. არხის სარედაქციო საქმიანობისგან ხდება იმ ადამიანების ეტაპობრივი ჩამოცილება, ვინც, მონაწილეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტური პროდუქტის შექმნაში, რაც არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზციის მიერ შეფასდა როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამშრომელთა ნაწილმა 2 მარტს გაფიცვა დააანონსა და ელოდება მედიაციის შედეგებს. სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ წარიმართება პროცესები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.

საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად შექმნილი ვითარება ბადებს ეჭვებს, რომ მთავრობა არჩევნების წინ ცდილობს საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზებას. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები სოლიდარობას ვუცხადებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამგვარ ჩარევებს წინააღმდეგობას უწევენ. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განახორციელონ ქმედითი მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ'' - წერია განცხადებაში. 

განცხადებას 17 ორგანიზაცია აწერს ხელს. 

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
2. ლიბერალური აკადემია თბილისი
3. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
4. ასოციაცია და რადიო „მწვანე ტალღა“
5. საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი
6. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
7. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
8. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
9. ახალგაზრდული ალტერნატივა
10. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
11. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
12. ასოციაცია ტოლერანტი
13. ადამიანის უფლებათა ცენტრი
14. მედიის განვითარების ფონდი
15. "საერთაშორიეო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი"
16. ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო
17. ,ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ 8 საათიანი გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა.

ეს უკვე მესამე პარასკევია, როცა საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებები სხვადასხვა მოტივით ხორციელდება. ახალი ამბების რედაქცია ჯერ საინფორმაციოს უფროსის მოადგილეს, მაია მერკვილაძეს დაატოვებინეს ახალი ამბების სამსახური - გააუქმეს მისი შტატი, შემდეგ საინფორმაციო სამსახურის უფროსს, შორენა ღლონტს გაუუქმდა კონტრაქტი დისციპლინარული საქმის საფუძველზე, ახლა კი ეთერიდან მოიხსნა თეონა ბაკურიძე.

დღეს, 6 მარტს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაზაძე შეუძლოდ გახდა და ის გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი