დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მოქალაქეები არ წავიდნენ ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში. ამირან გამყრელიძის თქმით, ზოგადად სხვა ქვეყნებში მოგზაურობა არ იკრძალება
''კიდევ ჩამოთვლილი 38 ქვეყნა, თუმცა ზოგიერთ ქალაქში ერთეული შემთხვევებია და იქ აკრძალვები არ ვრცელდება. ზოგადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციები რეკომენდაციებით მოგზაურობა არ იკრძალება, მაგრამ სიფრთხილით ვეკიდებით და უნდა განვახორციელოთ ის პრევენციული საშუალებები, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის მამაკაცი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ირანში იმყოფებოდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს. გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.