დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ ნაწილში მოგზაურობისაგან. ამირან გამყრელიძის თქმით, მსგავსი ტიპის რეკომენდაციებს გამოსცემს ამერიკისა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრებიც.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, კორონავირუსის გამო გადაიხედება თუ არა იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის საკითხი.
ჩინეთზე გაფრთხილების მე-3 და ყველაზე მაღალი დონეა გამოცემული, ხოლო იაპონიასაა და სამხრეთ კორეაში – მე-2. მისივე თქმით, გაფრთხილება განსაკუთრებით ეხებათ ხანში შესულ და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს.
საქართველომ უკვე გააუქმა ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენები.
იტალიაში კორონავირუსით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილია 88 წლის მამაკაცი, რომელიც ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 219-ს შეადგენს. ეს ციფრი აერთიანებს დაღუპულებს და იმ ადამიანებს, ვინც გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.