ამ ფორმით საკითხის მიღების შემთხვევაში კანონდარღვევასთან გვექნება საქმე - საია

19 თებერვალი 2020, 12:47 1654 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ საშტატო ერთეულების გაუქმების საკითხი წარმოდგენილი ფორმით იქნა მიღებული ეს კანონდარღვევა იქნება.

ანნა მდინარაძე საკითხის სრულყოფილად შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს.

"აუცილებელია ამ საკითხის, მაუწყებელში 4 პოზიციის გაუქმების, ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულყოფილად შესწავლა. ამ მოცემულობით საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ არის და არ არის კანონის მოთხოვნები დაცული. თუ ამ ფორმით ეს საკითხი იქნება მიღებული, მიმაჩნია, რომ კანონის დარღვევასთან გვექნება საქმე. დაინტერესებული მხარეებს უნდა მიეცეთ  შუამდგომლობის და ახსნა-განმარტების დაყენების შესაძლებლობა"-განაცხადა ანნა მდინარაძემ.

დღეს აჭარის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განვითარებული მოვლენები ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა მართულ პროცესად შეაფასა.

"ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენლებს არ მიეცათ პოზიციის დაფიქსირებას საშუალება. ერთია პროცედურული მხარე და მეორე ის თუ რა დევს სასწორზე, რისი თქმა უნდოდათ ამ ადამიანებს ბორდისთვის. მნიშვნელოვანია გზავნილები, რაც მათ საზოგადოებას წარუდგინეს. ერთია რას აწერს დირექტორი იმ პროცესს რაც მიმდინარეობს მაუწყებელში და მეორეა ის შინაარსობრივად , რეალურად რას პასუხობს. 

ფაქტია, მათ არ სურთ ამ პროცესს ეწოდოს რეორგანიზაცია, თუმცა სამართლებრივი საფუძვლებით ისინი მიუთითებენ შრომის კოდექსის 37 მუხლს და არ უნდა მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ეს ფაქტიურად რეორგანიზაციაა. 

ეს იყო ვიღაცეების პოლიტიკური დღის წესრიგი და ჩემი, როგორც ერთი ადამიანის პოზიციაა, ეს ვიღაცის მიერ მართული პროცესი იყო"- განაცხადა აჭარის მაუწყებელთან ანნა მდინარაძემ.

''გამჭვირვალობა საქართველოს'' წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა ამბობს, რომ გაცხადებული ცვლილება სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმების შესახებ, ძალიან ბევრ კითხვით ნიშანს შეიცავს.

''უფრო მეტიც შეიცავდა დასაქმებული ადამინების შევიწროების ნიშნებს. პრაქტიკულად ეს არის საკუთარი თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებული დევნა. გარკვეული კრიტიკული მოსაზრებების გამო, ადამიანები შეიძლება დაისაჯონ, ვიხილეთ თუ როგორ აბრალებდა მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა ჟურნალისტების ნაწილს, სხდომის ჩაშლის მცდელობას. ალტერნატიული პროფკავშირები, რომელიც 70 ადამიანს აერთიანებს, სურდათ საკუთარი აზრის დაფიქსირება, იმის თქმა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არის და პასუხების გაცემაა საჭირო. პრობლემაა, რომ მათ ამის თქმის საშუალება არ მიეცათ.

მრჩეველი გია ქარცივაძე ითხოვდა მენეჯმენტის მხრიდან წარმოედგინათ დასაბუთება, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი და სად იყო დუბლირებული თანამდებობები. ჩვენ დავინახეთ, რომ რომ მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა, რომლებიც არჩეულები არიან ''ქართული ოცნების'' კვოტით მათ მაინც დაამტკიცეს ეს დღის წესრიგი. სრულად არის იგნორირებული კრიტიკული აზრის მქონე ადამიანების მოსაზრებები. ჩანს, რომ ერთპიროვნულად, ვიწროპარტიული ინტერესებით ცდილობენ ტელევიზიის მიტაცებას'' - თქვა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მალხაზ ჭკადუამ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი