პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ლეიბორისტული პარტიის" წევრის ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, სამართალდამცავები მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავენ.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის კამათი.
"რეჟიმმა გადაწყვიტა გენერალურ პროკურორად დანიშნოს ან აირჩიოს შოთაძე, რომელიც არის შემჩნეული და დამნაშავე რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეში, საქმის გაყალბებაში. მან გააყალბა ხორავას ქუჩის, ორმაგი მკვლელობის საქმე გიორგი გახარიასთან ერთად, გააყალბა აფგან მუხთარლის საქმე, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები იყვნენ ამაში გარეული, მან გააყალბა მაჩალიკაშვილის საქმე და ვნახეთ ჩვენ სახელმწიფო როგორ ექცევა 19 წლის მოკლული ბიჭის ოჯახს. ამიტომ ეს კაცი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელმაც ეს დაადასტურა კიდეც საპროკურორო მოსმენებზე. თქვა, რომ ბიზნეს პროექტის შესათანხმებლად ვიყავი ბიძინა ივანიშვილთან ასეულიო, არა და იმ მომენტში ის პროკურორი იყო. კანონმდებლობით კი გენ. პროკურორს არ აქვს უფლება აწარმოოს სამეწრამეო და ბიზნეს საქმიანობა. ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავეა არ უნდა გახდეს მთავარი პროკურორი"-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი კაპანაძემ.
სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ შენობის შესასვლელის დაბლოკვა დაუშვებელი იყო, მოქალაქეების თქმით კი, არავისთვის შეუშლიათ ხელი, ვისაც პარლამენტში შესვლა სურდათ.
საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია იგეგმება. მოქალაქეები გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის დამტკიცებას ეწინააღმდეგებიან. ისინი პარლამენტთან ბანერებით მივიდნენ - ''ან წასვლა რა იყო ან მოსვლა'', ''შოთაძე გამყალბებელი'', ''არა ხელის დაფარებას''...
ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. მან კენჭისყრაზე 11 ხმა მიიღო.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2018 წლის 31 მაისს დატოვა, როცა ხორავის ქუჩის მკვლელობის საქმეზე მკვლელის დადგენა ვერ მოხერხდა, ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა კი, პროკურორს ფაქტების დამალვაში ადანაშაულებდა.