თურქეთი ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. თურქული მედიის ინფორმაციით, სატვირთო თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით დღეს საღამოს გაფრინდება. ვირუსის ეპიცენტრიდან თურქეთის, საქართველოსა, აზერბაიჯანისა და ალბანეთის მოქალაქეების გამოყვანა იგეგმება.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით თვითმფრინავში ინფექციონისტებიც იქნებიან, რომლებიც მგზავრებს შეამოწმებენ და ისინი თურქეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვებიან.
თურქეთში დაბრუნების შემდეგ ყველა მათგანს კარანტინში გააჩერებენ. საკარანტინო ზონა კი აეროპორტში იქნება.
უხანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება თურქეთმა ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.