ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პირველად შეფასებას აკეთებს პროკურატურის მიერ, გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და თვითნებურია, რამდენადაც გამოძიებამ ვერ უპასუხა არაერთ მნიშვნელოვან გარემოებას რაც საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არსებით გადაცდომებზე მიუთითებდა.
"სიმპტომატურია, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებულ ორივე საქმეზე გადაწყვეტილება თანადროულად გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ გაამყარა ის პოლიტიკური ნარატივი, რომლითაც ის თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტად გამოცხადებას და მის მიმართ ძალის გამოყენების გამართლებას ცდილობს"- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
EMC მთავარ პროკურატურას მოუწოდებს გააცნოს მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის მასალები.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოძიების შეწყვეტისა და მისი დასაბუთების შესახებ შეფასებას უახლოეს მომავალში წარადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადება იხილეთ ვრცლად.