ბაგირის დაზიანების გამო, ხულო-თაგოს საბაგირო ორი თვით გაჩერდა

28 იანვარი 2020, 13:27 2485 ნახვა

ხულო-თაგოს საბაგირო გზამ მუშაობა შეწყვიტა. საბაგიროთი მგზავრთა გადაყვანა პარასკევის შემდეგ არ ხორციელდება.

აიპ "ხულო-თაგოს ბაგირბაზის" დირექციაში ამბობენ, რომ მიზეზი ბაგირზე დაფიქსირებული დაზიანებებია, რის გამოც მგზავრთა გადაყვანა სახიფათო იყო.

"რამდენიმე დღის წინ დასრულდა  საბაგიროზე გეგმიური შემოწმება. შემოწმებისას სპეციალისტებმა საბაგირო ხაზზე, რამდენიმე ადგილას წყვეტა დააფიქსირეს. მათივე განმარტებით, მგზავრთა გადაყვანა სახიფათო იყო რის გამოც, საბაგიროს მუშაობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მივიღეთ"- განაცხადა აიპი "ხულო-თაგოს ბაგირბაზის" დირექტორმა.

მისივე განმარტებით, ბაგირი, რომლის სიგრძე 3400 მეტრია მთლიანად უნდა შეიცვალოს. ემზარ აბულაძის თქმით, რეაბილიტაციისთვის 125 000 ლარია საჭირო, ხარჯებს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაფარავს.

"პროექტი მზადაა და ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ. ბაგირი სულ 3400 მეტრია რომელიც სრულად უნდა შეიცვალოს. სამუშაოებს მინიმუმ ორი თვე დაჭირდება"-ამბობს ემზარ აბულაძე.

ხულო-თაგოს საბაგირო გზას რეაბილიტაცი ბოლოს 9 წლის წინ 2011 წელს ჩაუტარდა.

საბაგიროს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.

იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე საბაგირო არ იმუშავებს ადგილობრივებს ხულოდან-თაგომდე 7 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა ფეხით ან დაქირავებული ტრანსპორტით  მოუწევთ. ხულოდან თაგომდე მიკროავტობუსი არ მოძრაობს, საავტომობილო გზა ავარიულია.

საბაგირო 1985 წელს გაიხსნა. საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი