‘’კორონავირუსი გასაკუთრებით საშიშია საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის’’ - მკვლევარი

25 იანვარი 2020, 18:20 2068 ნახვა

ლონდონის, „იმფერიალ კოლეჯის“ ინფექციური დაავადებების მკვლევარი, ექიმი ნატალი მაკდერმოტის განცხადებით, ახალი კორონავირუსი განსაკუთრებით საშიშია საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომელთაც ადრე გარკვეული დაავადებები აქვთ გადატანილი. მაკდერმოტმა ამის შესახებ „ფოქს ნიუსთან“ ისაუბრა. ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ. შესაბამისი მოწყობილობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში დამონტაჟდება.

მგზავრებს კი, რომლებსაც ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდებათ, დაუყოვნებლივ უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ. კორონავირუსის გამო კარანტინი ჩინეთის 18 ქალაქშია გამოცხადებული. ამ ქალაქებში მოსახლეობის საერთო რაოდენობა 56 მილიონს აჭარბებს. ჩინეთში კორონავირუსის დიაგნოზით მთელი ქვეყნის მასშტაბით 1300 ადამიანი მკურნალობს. ჰონგ-კონგში სკოლები 17 თებერვლამდე დაიხურება. ამასთან, ქალაქში გამოცხადებული ჯანდაცვის „სერიოზული“ მდგომარეობა „საგანგებოთი“ შეცვალეს. სხვადასხვა ქვეყანაში კი დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს. ამ დროისთვის ავსტრალია ვირუსის ახალ შემთხვევებს ადასტურებს. ქვეყანაში ამბობენ, რომ დადასტურებულად ვირუსი ოთხ ადამიანს აქვს, რამდენიმე ადამიანზე კი ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს.

ახალი შემთხვევები ფიქსირდება იაპონიასა და მალაიზიაშიც.ევროპაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განცხადება გააკეთა საფრანგეთის ხელისუფლებამ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით კი, ამჟამად 63 პაციენტს იკვლევენ, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებათ. დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი