ბათუმის ინფექციური საავადმყოფო მზადაა, ჩინეთიდან ჩამოსული ის მოქალააქეები მიიღოს , რომელთაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები განუვითარდებათ. სამადიცინო დაწესებულებაში აცხადებენ , რომ დახმარების გასაწევად მედიკამენტები მომარაგებული აქვთ, ასევე საავადმყოფოს აქვს ცალკე შესასვლელი იმისთვის რომ სახიფათო დაავადების მქონე ადამიანი იზოლირებული იყოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის მანძილზე განუვითარდებათ სიმპტომები – მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. მათ შორის, გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება – თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები.
ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერაა, საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.