''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა დღეს, 23 იანვარს, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობა ინვესტიციებთან დაკავშირებით იტყუება. გია აბულაძის თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტიციების ოდენობას 2017 წლიდან ვერ ითვლის. მთავრობა კი რეალურ სურათს მალავს.
დეპუტატის განცხადებით, რეგიონში ბევრი პროექტი ამ დრომდე გაჩერებულია.
''გასულ წელს აჭარის მთავრობამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ინვესტიციების რაოდენობა მილიარდზე მეტი იქნებოდა მოგვიანებით კი გვითხრეს სამ მილიარდს გადააჭარბებსო, უფრო მეტიც წელს გვითხრეს რომ გასულ წელს 3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს, რაც მორიგი ტყუილია, კერძოდ:
1. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა შეადგენდა 209 642,1 ათასი ა.შ.შ დოლარს, 2018 წელს შემცირდა 75 551,3 ათას დოლარამდე ხოლო 2019 წელს 2017 წელთან შედარებით დაახლოებით 30 %-ით არის შემცირებული;
2. მიუხედავად იმის, რომ 2019 წელს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამაზე დაიხარჯა 538,0 ათასი ლარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის 25 ნოემბრის 01-01-10/5808 წერილით გვაცნობა, რომ ინვესტიციების რაოდენობას აღარ ვითვლით 2017 წლიდანო.
ისმის კითხვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ როგორ დათვალა ინვესტიციები თუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ვერ ითვლის? რატომ დაიხარჯა 538,0 ათასი ლარი პროგრამაზე ბიუჯეტიდან თუ ელემენტარულად ინვესტიციებსაც ვერ ითვლიან? ან როგორ უნდა მოიზიდონ ინვესტიციები თუ არ იციან დარგების მიხედვით ინვესტიციების რაოდენობის დინამიკა?
დღემდე გაჩერებულია როიალ კარიბიანის ტურისტული ნავმისადგომი, ადლიაში აეროპორტთან ფინანსური ცენტრის, გონიოს პოლეგონზე ტურისტული ქალაქის, გოდერძისა და გომარდულის კურორტების მშენებლობა და სხვა მნიშვნლეოვანი პროექტები'' - აცხადებენ პარტიაში.
გია აბულაძემ დღეს ჟურნალისტებს ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული წერილის ასლიც აჩვენა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობას დაუკავშირდა. საპასუხო კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.