სახალხო დამცველი ამბობს, რომ ციხეებში არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება. ნინო ლომჯარიას განმარტებით, კერძოდ, ლომჯარიას განმარტებით, ციხეებში უფლებამოსილების დელეგირება ხდება ე.წ ციხი მაყურებლებისათვის დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.
"მონიტორინგმა გამოავლინა, რომ თითოეული საკნის „საწევრო“ გადასახადის ეკვივალენტის ყავა და სიგარეტი ბარდება არაფორმალურ მმართველებს. ამის შემდგომ კი, პატიმრები სიგარეტს არა მაღაზიაში, არამედ „მაყურებლისგან“ ყიდულობენ. მათი ახლობლები თანხას რიცხავენ „მაყურებლების“ მიერ კონტროლირებულ საბანკო ანგარიშებზე ან სპეციალურად გახსნილ ტოტალიზატორის ანგარიშზე"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.
ანგარიშში საუბარია, რომ ციხეებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო.
"დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება"- წერია ომბუდსმენის ანგარიშში.
სახალხო დამცველის განმარტებით, სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირება და თავად დაიცვას წესრიგი და უსაფრთხოება. მცირე პენიტენციურ დაწესებულებებთან ერთად აუცილებელია თანამშრომლების რაოდენობის, მათი ოპერაციული შესაძლებლობების და კომპეტენციის გაძლიერება.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ სხვა პატიმრების გაკონტროლების მცდელობის შემთხვევებში, დახურულ დაწესებულებებში გადაჰყავთ.
''რეალობა არის შემდეგი, როგორც კი ამგვარ ე.წ. ზონებში, რომელიმე პატიმარი დააპირებს გააკონტროლოს სხვა პატიმრის ქცევა, ან გაბედავს და იტყვის რომ ფული უნდა შეგროვდეს, ასეთ დროს ჩვენი თანამშრომლების მიერ ხდება რისკის გადაფასება მოცემული პატიმრის და ხდება მათი დასჯა ან დახურულ დაწესებულებაში გადაყვანა.
2019 წელს 17 დაწესებულებიდან ე.წ. ზონიდან, დახურულ დაწესებულებაში გადაიყვანეს 11 ასეთი პატიმარი, რომელმაც მოისურვა სხვების კონტროლი. ვინმე დავითი, გიორგი, ლაშა, დათო, აკაკი, ბაჩო, ირაკლი, ჯაბა, გიგა, რამაზ, პაატა. ესენი ხომ არ არიან ვირტუალური ადამიანები, ან მოჩვენებები, ესენი არიან კონკრეტული სრულწლოვანი მამაკაცები'' - თქვა წულუკიანმა.