ბათუმში აღმოჩენილი 150 ნეშტიდან 22-ს დნმ ვერ აუღეს

20 იანვარი 2020, 12:11 2485 ნახვა

სავარაუდოდ სტალინური რეპრესიების დროს, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე  ნაპოვნ 150 ნეშტიდან 128 ნეშტს დეენემის კვლევა ჩაუტარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  22-დან ნიმუშის აღება ვერ  შეძლეს. 

ნეშტების დაკრძალვა ჯერ- ჯერობით ვერ ხერხდება, როგორც სამინისტროში განმარტავენ, საჭიროა დამატებითი გათხრები და ნეშტების შესწავლა. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მემკვიდრეების დეენემის კვლევა და მათი ვინაობის დადგენა. თუ სახელმწიფო დაფინანსება არ იქნება, სურვილის შემთხვევაში, რეპრესირებულთა მემკვიდრეებს საკუთარი ფინანსებით მოუწევთ ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარება. 

სასულიერო პირების განცხადებით, ამ დრომდე ნეშტები საკათედრო ტაძრის სარდაფშია მოთავსებული. მათ დაკრძალვასთან დაკავშირებით სამთავრობო  კომისიამ გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქ. N338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა N3-ის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილი მოქალაქეების ნეშტები აღმოაჩინეს.  სამუშაოები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განახორციელა. ინფორმაცია ცნობილი 5 აპრილს გახდა.  ნეშტების დაკრძალვა 21 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა მოქალაქეების, სხვადასხვა კონფესიების მოთხოვნით, ჯერ მეცნიერულად მოხდება ნეშტების შესწავლა, ინფორმაციის დამუშავება, დნმ ბაზის გაკეთება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას დაკრძალვაზე. ეპარქიამ მოქალაქეების პოზიცია გაიზიარა. 

ტერიტორიაზე აღმოჩენილი ახალი სამარხების შესწავლისა და შესაბამისი სამუშაოებისთვის, აჭარის განათლების სამინისტროს სამთავრობო კომისიამ სთხოვა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც დარგის ექსპერტ-სპეციალისტები შევლენ. ჯგუფი სამუშაო გეგმას შეიმუშავებს და კომისიას წარუდგენს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი