მინდია გორაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებას უნდა საზოგადოებას აჩვენოს, როგორც ებრძვიან კრიმინალებს. ალექსანდრე კობაიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ლავასოღლის გათავისუფლებას თებერვალში ელოდება.
''თურქეთის მართლმსაჯულება ვადის ამოწურვას არ უნდა დალოდებოდა და მინდია გორაძე აქამდე უნდა გაეთავისუფლებინა. კარგია თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თუ აპირებენ მის გათავისუფლებას. არანაირი საფუძველი არ არსებობს თურქეთის ციხეში გაჩერების.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თებერვალში ველოდებით ციხიდან გამოსვლას. საქართველოში მისი დაბრუნება რამდენად შესაძლებელია სამართლებრივად ეს მეორე საკითხია, თორემ სურვილი აქვს. სამართლებრივად მისი აქ დაბრუნება წარმოუდგენელია. უკანონოა ის ბრალდებები რასაც მას ედავებიან. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას უნდა საზოგადოებას ანახოს როგორ ებრძვიან კრიმინალებს'', - ამბობს ადვოკატი.
ოპოზიცია საუბრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კრიმინალური ავტორიტეტი წინასაარჩევნოდ, მოსახლეობის ხმების მოპოვებაში დასახმარებლად სჭირდება. ადვოკატმა დღეს თქვა, რომ პოლიტიკოსებთან მისი კავშირი გამორიცხულია.
''პოლიტიკოსებს თავისი საქმე აქვთ, ლავასოღლის თავისი'' - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ჟურნალისტებმა ლავასოღლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვა დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრსაც დაუსვეს. დაინტერესდნენ რატომ არ ითხოვს ქართული მხარე კრიმინალური ავტორიტეტის ექსტრადირებას. ჟურნალისტის კითხვაზე: ოპოზიციას გონივრული ეჭვი უჩნდება, რომ კრიმინალური ავტორიტეტი წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვებაში დაგეხმარებათ, პრემიერმა ასე უპასუხა: '' ყველაფერს ველოდი ამ კითხვის გარდა. არ ვიცი რა მდგომარეობაა ექსტრადირებასთან დაკავშირებით, თუ სამართლებრივი საფუძველი იქნება ექსტრადირება მოხდება''...
იუსტიციის მინისტრი კი ამბობს, რომ საარჩევნოდ კრიმინალების გამოყენება წარსულს ჩაბარდა.
''ის რომ ქართულმა მხარემ არ მოითხოვა მისი ექსტრადირება, არ შეესაბამება სიმართლეს. ის დაკავებული იქნა თურქული მხარის მიერ, სწორედ იმიტომ, რომ საქართველომ მოითხოვა მისი ექსტადიცია. პროცესები მიმდინარეა. რაც შეეხება კრიმინალური სამყაროს წევრების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, ამ პროცესით მუშაობდა ''ნაციონალური მოძრაობა''. წინა ხელისუფლების დროს, სისტემა ისე იყო აწყობილი, რომ პრობაციონერების დაშინებით და კრიმინალების დახმარებით ზეწოლას ახდენდნენ. ეს ეპოქა 2012 წლის ოქტომბერში წარსულს ჩაბარდა'' - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინდია გორაძე, შესაძლოა მალე ციხიდან გაათავისუფლონ. სტატიას თურქული გამოცემა ''დეილი საბაჰი'', თურქეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციებსაც მართავდნენ და თურქეთის ხელისუფლებას ლავასოღლის გათავისუფლებას სთხოვდნენ.