სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შუახევში აგროკომპლექსი გაიხსნა, რომლის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 744 970 ლარი დაიხარჯა. იგი მაღალმთიანი აჭარის ფერმერებს მოემსახურება. მათ საშუალებას მისცემს აწარმოონ მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული, უვირუსო, ეკოლოგიურად სუფთა, რაოდენობრივად უხვი მოსავლის ხეხილოვანი ნერგები და ბოსტნეული კულტურების ჩითილები - წერია მთავრობის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგროკომპექსს ორი დამხმარე სასათბურნე მეურნეობა აქვს - ერთი შუახევის სოფელ ჭვანაში, სადაც 7 სახეობის - ჩხავერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, საწურის, საკმიელას, კრახუნასა და ალექსანდროულის ვაზის 1200 ნერგი დაირგო. ხოლო მეორე, სოფელ ქიძინიძეებში კი, 6000 კვ.მ-ზე გაშენდა 500 ძირამდე მსხალი, ვაშლი, ჩანდლერის ჯიშის ნიგოზი, ქლიავი, ბალი, ტყემალი, ვაშლატამა.
ასევე, გაიხსნა ვეტერინარული კლინიკა, რომლის საერთო ფართი 70 კვ.მ-ია. კლინიკაში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. პროგრამის მიზანია, რომ ვეტერინარიის ხელშეწყობით გაუმჯობესდეს მეცხოველეობის განვითარება.
აგროკომპექსის გახსნას დღეს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.