თურქეთში, ანკარასთან ახლოს სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი მძიმედ დაშავდა, 21 კი მსუბუქად - ამის შესახებ თურქული მედია წერს. შემთხვევა დღეს მოხდა. დაშავებულებს შორის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.
ავტობუსი თბილისი-ბათუმი-სტამბოლის რეისს ასრულებდა. ტრანსპორტში 31 მგზავრი იმყოფებოდა.
თურქული მედიის ცნობით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებები მომხდარის შესახებ დეტალებს აზუსტებენ.
განახლება: 14:01
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის შესახებ საკონსულოები ინფორმირებულები არიან და კავშირზე იმყოფებიან თურქეთის სამართლადამცავ სტრუქტურებთან. ''ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია ასევე თურქეთის 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამინს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით მათ აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. მათი მოქალაქეობა დგინდება.''