"ჩემზე კომპრომატების ძებნაში კორესპონდეციები 100 თაბახს უახლოვდება" - ნათია ზოიძე აჭარის მაუწყებლის დირექტორს

20 დეკემბერი 2019, 20:54 3656 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის მაგიდაზე წერილების დასტა უჩვეულო სულაც არ არის, თითქოს არც ის, რომ ამ წერილების აბსოლუტური უმრავლესობა გიორგი კოხრეიძეს ეკუთვნის.

ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გიორგი კოხრეიძე ფაქტობრივად ორდღიანი შუალედით, ერთსა და იმავე კითხვაზე ითხოვს პასუხს 6 თანამშრომლისგან. მისი მოადგილის ნათია ზოიძისგან, საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის გია ქაცივაძისგან, საქმის წარმოების განყოფილების უფროსის თეა შანიძისგან, სატელევიზო განვითარების სამსახურის უფროს ინგა გოგოლიშვილისგან, შიდა აუდიტის სამსახურის უფროს ზვიად ბერიძისგან და მთავარი იურისტისგან.

დირექტორი მისი დანიშნვის დღიდან ატარებს მოკვლევას, შეესაბამება თუ არა ნათია ზოიძის კონტრაქტი მაუწყებლის შესახებ კანონს, ასევე გაიტანა თუ არა, წერილის საფუძველზე, მრჩეველთა საბჭოს ყოფილმა წევრმა ბეჟან გობაძემ, ლევან ვარშალომიძის აქტივობების ამსახველი არქივი. 

საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის, გია ქარცივაძის განმარტების მიუხედავად, მაუწყებლის დირექტორს ისევ აქვს კითხვები, ჰქონდა თუ არა სარეზოლუციო ნიშანი დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც დამუშავდა არქივი და გადაიხადა თუ არა მომსახურების საფასური ბეჟან გობაძემ.

ამ საკითხებზე ერთ-ერთი ბოლო წერილი, გიორგი კოხრეიძემ მის მოადგილეს 19 დეკემბერს მისწერა. ორი დღით ადრე კი, იმავე შეკითხვებზე დირექტორს საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსმა გია ქარცივაძემ წერილობითვე უპასუხა.

გია ქარცივაძე ამბობს, რომ ბეჟან გობაძეს, როგორც მრჩეველთა საბჭოს წევრს, მაუწყებლის მასალებზე წვდომის უფლება ისედაც ჰქონდა, თუმცა მასალა არასრულყოფილად მიიჩნია და არქივი ამიტომ არ გაიტანა.

საქმეზე კომენტარს არ აკეთებს საქმის წარმოების განყოფილება. წერილებში კი ისინი დეტალურად ხსნიან, როგორ წარიმართა მასალის გასაცემად მომზადების პროცედურა.

აქვს თუ არა მრჩევლებს უფლება, გაიტანონ არქივი მაუწყებლიდან? გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევამდე, 2019 წლის 15 მაისს, საბჭოს წევრს გიგა ჩხარტიშვილს მაუწყებლიდან ინფორმაციის გამოთხოვა სურდა. მის გამოგზავნილ წერილზე, მაშინ ჯერ კიდევ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია ზოიძემ მრჩეველს მისწერა, რომ ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გატანა, წერილობითი განცხადების გარეშეც, მრჩეველს დაუბრკოლებლად შეეძლო სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან.  

მრჩეველთა საბჭოს იურისტი, თამარ კეკელაშვილი კი ამბობს, რომ მრჩეველს მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოთხოვის უფლება აქვს, რომელიც მას ეხება. კონკრეტული ფაქტის შეფასებისგან კი თავი შეიკავა.

მეორე საკითხი, რაზეც გიორგი კოხრეიძე თანამშრომლებისგან პასუხს ითხოვს, ეს ნათია ზოიძის ხელშეკრულებაა. ის ცდილობს გაარკვიოს, მაუწყებლის შესახებ კანონის შესაბამისად, აქვს თუ არა მას უფლება წარმართოს არხის სარედაქციო პოლიტიკა.

მაუწყებლის იურისტი და აუდიტის სამსახურის უფროსები, დირექტორს წერილობით განუმარტავენ, რომ მისი მოადგილის კონტრაქტი კანონს არ ეწინააღმდეგება.  საპასუხოდ დირექტორი ამბობს, რომ თუ სარედაქციო პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება ნათია ზოიძეს დირექტორმა მიანიჭა, შესაძლებელია ახალმა ჩამოართვას.

ეს წერილი ნათია ზოიძემ დირექტორს დღეს მისწერა. ის სატელევიზო კომენტარს არ აკეთებს, წერილში კი ღიად საუბრობს მასზე მიმდინარე ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.  ის შესაძლოა დამატებითი არგუმენტი იყოს ნათია ზოიძის უფლებადამცველისთვის. საიამ პროკურატურას უკვე მიმართა, რომელმაც საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა. ამ ეტაპზე უწყება საქმეს სწავლობს.

მაუწყებლის დირექტორის მიერ მისი მოადგილისადმი კომპრომატების ძიებასა და მორალურ წნეხზე საუბრობს არხის თანამშრომელთა ნაწილი. მათ კითხვის ნიშნებს უჩენთ ახალი დირექტორის მიერ დანიშნული თანაშემწეც, რომელიც ნათია ზოიძესთან ერთად ზის.

სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე,  ინტერვიუზე არც მაუწყებლის დირექტორი დაგვთანხმდა. ჩვენ გვაინტერსებდა რას ემსახურება მის მიერ დაწყებული მოკვლევა. გიორგი კოხრეიძემ გვირჩია, რომ საქმის წარმოების შედეგს დაველოდოთ, ხოლო მისი თანაშემწის უფლებამოსილების გასარკვევად, ნათია გოგიჩაიშვილის კონტრაქტში ჩახედვისკენ მიგვითითა, რაც საჯარო არაა.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი