ვიცი აჭარის მაუწყებლის დიდი რეპუტაციის შესახებ, ამიტომ აგირჩიეთ პირველ მოსაუბრედ - საფრანგეთის ელჩი

19 დეკემბერი 2019, 21:38 3795 ნახვა

„ძალიან მიყვარს თქვენი ტელევიზია, ამის გამო აგირჩიეთ ერთ-ერთ პირველ მოსაუბრედ, მსმენია თქვენი დიდი რეპუტაციის შესახებ. ვიცი, რომ ახალი დირექტორი გყავთ, მას დიდ წარმატებას ვუსურვებ და განსაკუთრებით ვუსურვებ, რომ აჭარის ტელევიზიის ეს დიდი რეპუტაცია შეინარჩუნოს'',  - ასე უპასუხა საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა ჟურნალისტს კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ბოლო 7 თვის განმავლობაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტიდან დაწყებული დღემდე პროცესებს მაშინ, როცა  ჟურნალისტები საუბრობენ იმაზე, რომ სარედაქციო თავისუფლებას ემუქრება საფრთხე.

ჟურნალისტი:  აქტიურად ხდებოდა ჩარევა მაუწყებლის დირექტორის შერჩევის კონკურსში, ახლა უკვე ტელევიზიას ჰყავს ხელისუფლებასთან აფილირებული დირექტორი, რამდენიმე დღის წინ გიორგი კოხრეიძე არხის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნათია ზოიძემ დევნასა და შანტაჟში დაადანაშაულა. ნათია ზოიძე ფაქტობრივად ჩამოცილებულია სარედაქციო პოლიტიკას.  მე ამ პროცესებს ვუყურებ შიგნიდან, მაინტერესებს როგორ ჩანს ეს პროცესები თქვენი გადმოსახედიდან?

საფრანგეთის ელჩი:  „როგორც აღვნიშნეთ, თქვენ უყურებთ ამ პროცესს როგორც ჟურნალისტი ამ არხზე, ჩემი შეხედულება გარედან იქმნება. ეს უმაღლესი ევროპული სტანდარტების შემადგენელი ნაწილია, რისი მოლოდინიც საქართველოში არის, რომ პრესა იყოს ძლიერი. „ძალიან მიყვარს თქვენი ტელევიზია, ამის გამოც აგირჩიეთ ჩემს ერთ-ერთ პირველ მოსაუბრედ,  ვიცი თქვენი დიდი რეპუტაციის შესახებ.  ვიცი, რომ ახალი დირექტორი გყავთ, მას დიდ წარმატებას ვუსურვებ და ვუსურვებ განსაკუთრებით, რომ აჭარის ტელევიზიის ეს დიდი რეპუტაცია შეინარჩუნოს, რადგან, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თითოეულ ჟურნალისტს აჭარაში, ბათუმში და სხვაგან, შეეძლოს საკუთარი ანალიზის, აღმოჩენის გაზიარება, ჰქონდეს თავისი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დამოუკიდებელი იქნება ნებისმიერი ზეწოლისგან. ეს ის თემაა რომელსაც მე დიდ ყურადღებას მივაქცევ, ჩვენ ევროპელები ყურადღებას დავუთმობთ. ეს იმ დემოკრატიული სტანდარტების გულია, როგორც ჩვენ მათ აღვიქვამთ“

ჟურნალისტი:  ზოგადად კრიტიკულ მედიას საქართველოში აქვს პრობლემები, ტვ პირველის მფლობელს დაკითხვაზე ატარებენ, მის მამაზე გამოძიებას კითხვები აქვს, რომელიც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას უკავშირდება. ტვ „ფორმულას“ დამფუძნებლებსაც იბარებენ დაკითხვებზე. „მთავარი არხის“  მფლობელებზეც აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, ერთ-ერთი მფლობელი უკვე დაკავებულია. როდესაც ჩვენ ამ კითხვებს ვსვამთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისინი გვპასუხობენ, რომ მედიის წილის მფლობელობა ინდულიგენცია არ არის.

თქვენ როგორ ხედავთ კრიტიკული მედიის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას. სვამთ თუ არა კითხვებს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე და საინტერესოა თქვენ რას გეუბნებიან საპასუხოდ?

საფრანგეთის ელჩი:  პრესის თავისუფლების საკითხი იმ თემებს შორისაა, რომელთაც ჩვენ ხშირად განვიხილავთ. ეს ის საკითხია, რომელსაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რასაც ადასტურებს ის კონფერენციაც, რომელზეც ოქტომბერში გაიმართა. ყოველ მოვლენაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, სწორი ნათქვამია ის, რომ ჟურნალისტად ყოფნა კანონგარეშე მდგომარეობაში ვერ ჩაგვაყენებს, არ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ არ დავიცვათ კანონი, თუმცა, რაც მნიშვნელოვანია და მგონი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს ძალიან სწორად თქვა, როდესაც ვიღებთ ზომებს ჟურნალისტებთან მიმართებაში, ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არ შევქმნათ ის, რასაც სასამართლო ეძახის «ჩილინგის ეფექტს», ანუ უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ სახელმწიფოს ფუნქციის განხორციელებისას, არ იყოს პრესის კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობები.

ეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შემადგენელი ნაწილია, რისი მოლოდინიც არის საქართველოში. ამის გარდა, ვხედავ, ამ სამი თვის მანძილზე რაც აქ ვარ, მათ ვინც არ ორჭოფობს კრიტიკის გამოთქმას, მითითებების გამოხატვას, ანალიზის, სიღრმისეული კვლევის გაკეთებას და ამისი ძალიან მოხარული ვარ. ასე რომ პრესაში ამ რეალობას ვხედავ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შენარჩუნდეს, გამყარდეს, გაძლიერდეს და რომ სახელმწიფოს ნებისმიერმა ქმედებამ, რასაც სხვათა შორის თავისი ლეგიტიმურობა აქვს, ეჭვის ქვეშ არ დააყენოს ქართული პრესის ეს რეალობა, რასაც გარკვეული სიძლიერე აქვს დღეს, რითიც მოხარული ვარ.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი