ხელისუფლების სამივე შტო ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა და გაიფორმა - გიორგი მშვენიერაძე

12 დეკემბერი 2019, 23:29 2525 ნახვა

"დეპუტატებთან ერთად ვიჯექით საკომიტეტო მოსმენებზე და ვუსმენდით დანიშნული მოსამართლეების პასუხებს, მახსოვს ამ დეპუტატების მიმიკები, შფოთვები და შეწუხებული სახეებს, როცა საოცრად არაკომპეტენტურ პასუხებს ვიღებდით მათგან. მეგონა აისახებოდა გადაწყვეტილებებში, სამწუხაროდ, ამ დეპუტატების ნაწილმა დაივიწყა ყველაფერი და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად დანიშნეს არაკომპეტენტური, არაკეთილსინდისიერი მოსამართლეები," - ამბობს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე, რომელიც მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის ყველა საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდა. 

იხსენებს, რომ არჩეული მოსამართლეების დიდი ნაწილი უმარტივეს სამართლებლივ საკითხებზე ვერ ცემდნენ პასუხებს:  

"ერთ-ერთს სამართლის რომელიმე ფილოსოფიური ნაშრომის გახსენება ვთხოვე, რომელმაც მასზე გავლენა მოახდინა, გვითხრა არ მახსენდებაო. დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჰკითხა, ლიტერატურიდან გვითხარი რამეო, არ ვკითხულობ, დრო არ მაქვსო. ვერ თვლიდნენ აბსოლუტური უფლებებს, არ იცოდნენ პატივსა და ღირსებას შორის განსხვავება. ეს სკოლის მოსწავლეებმაც კი იციან, ვინც სამოქალაქო განათლებას იღებს" - განაცხადა მშვენიერაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ამბობს, რომ კრიტიკულად მცირე იყო ისეთი კანდიდატები, რომლებიც მეტნაკლებად შესაბამისობაში მოდიოდა კეთილსინდისიერებითა და კვალიფიკაციით კრიტერიუმებთან, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მოეთხოვება უზენაეს სასამართლოს მოსამართლეს.

"ქართულმა ოცნებამ" დღეს გვითხრა საზოგადოებას, რომ იხელმძღვანელებდა იმით, რასაც ეტყოდა ვიღაც სხვა და არა კონსტიტუცია. სხვა ახსნას არ აქვს იმ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო უმრავლესობამ. ეს იყო პარტიული, წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომელიც გასულ კვირას, პარტიულ სხდომაზე შეათანხმეს ბიძინა ივანიშვილთან - ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

ამბობს, რომ ერთწლიანი ბრძოლის შედეგად კოალიციამ მიაღწია იმას, რომ მოსამართლეების დანიშვნამდე საკომიტეტო მოსმენები რია ყოფილიყო და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" უკვე ღიად უთხრა საზოგადოებას, რომ წაართვა სამართლიანობა.  

"ქართულმა ოცნებამ" გვითხრა, რომ კი ბატონო, აი გაჩვენებთ როგორი არაკომპეტენტური კანდიდატები გვყავს, როგორი არაკეთილსინდისიერები არაინ, ასევე გაჩვენებთ, ჩვენ, დეპუტატები, როგორი უსინდისოები ვართ და დიახ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ეს იყო ჩვენი ხელისუფლების მესიჯი დღეს, რომ ეს ხალხი ვიქნებით აქ და მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებებსო...  

ალბათ, მაყურებელი ფიქრობს ახლა, რა მოხდა კაცო, ეს ხალხი ხო მუშაობდა ადრეც და არ დაქცეულა ქვეყანა? დიახ, ჩვენ დღეს დაქცეულები ვართ... დღეს "ქართულმა ოცნებამ" უვადოდ დაგვიმტკიცა უსამართლობა. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დავნიშნეთ ადამიანები, არა 10 წლით, არც ოცით, არამედ 2050 წლამდე. ჩვენ დაგვინიშნეს, ჩვენ, ქართულ საზოგადოებას" - ამბობს მშვენიერაძე.  

ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას სჭირდება მორჩილი მოსამართლეები, ასეთები კი უცოდინარი და ღირსებაახდილი ადამიანებია. 

"​რა შეიძლება იყოს მათი ღირებულება? თუ არ გაქვს კომპეტენცია, ცოდნა და კეთილსინდისიერება? -  მორჩილება. მათ რეპუტაცია არ აქვთ, მათი მართვა არის იოლი და ამ პარტიას უნდა რომ ჰყავდეს ასეთი მოსამართლეები. ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს საკითხი, სად მივდივართ? ბიძინა ივანიშვილს აქვს ჩაგდებული პარლამენტი ხელში, უმრავლესობა, ​ხელისუფლება, თანამდებობებზე არის მისი ბანკირები და პირადი დაცვა, ახლა კი სასამართლოც მის ხელშია. სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლების მიტაცება, ამას იშვიათად ვამბობთ ხოლმე, მაგრამ ხელისუფლების სამივე შტო ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა და გაიფორმა" - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

"ბოდიში თუ აღელვებული ვარ, მაგრამ არ მინდა ეს ქვეყანა იყოს ჭაობში, ადამიანები მინდა ცხოვრობდნენ თავისუფლად, თუ სამართლიანი სასამართლო არ იქნება ქვეყანაში, ის ამ თავისუფლებას და ბედნიერებას ვერ იგრძნობს. ეს კი მომავლის წართმევაა ჩვენთვის, ყველა ჩვენთაგანისთვის. დღეს, ჩვენმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ ეს წაგვართვა - თავისუფლება და ბედნიერება". 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი