მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს ბიზნესინტერესი უდასტურდება - "გამჭვირვალობა საქართველო"

10 დეკემბერი 2019, 12:24 2970 ნახვა

საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით, ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა შეისწავლა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული დარღვევები გამოავლინა.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს – 64-დან 29-ს, კომერციული ინტერესი უდასტურდება ​. მინისტრს ან მის მოადგილეს, ან მათი ოჯახის წევრს აქვს ბიზნესი, მათ შესახებ კი უმეტესობას დეკლარაციაში არ უწერია. 

"შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბიზნესინტერესის მქონე მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების უმეტესობას (29-დან 22-ს), ამა თუ იმ ფორმით, დარღვეული აქვს კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას" - წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. 

კვლევის შედეგად გამოვლინდა: 

18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის არის 3 მინისტრი: ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

6 შემთხვევაში კომპანიაში არსებული წილის მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუციათ ჩინოვნიკებს. ესენი არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და ბადრი მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი.

4 შემთხვევაში თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.

3 შემთხვევაში თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე.

კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს თანამდებობის პირებს, მაგალითად მათ შეუძლიათ ფლობდნენ წილს რომელიმე კომპანიაში, თუმცა ამ წილის მართვის უფლება დროებით სხვა პირს უნდა გადასცენ; ასევე, თანამდებობაზე ყოფნის დროს მათ ნებისმიერი კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციის დაკავება ეკრძალებათ. ამ შეზღუდვების მიზანია ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების პრევენცია.

შეზღუდვების ნაწილი ვრცელდება თანამდებობის პირის ოჯახის წევრებზეც, მაგალითად: თანამდებობის პირს ან მის ოჯახის წევრს უფლება არ აქვს ფლობდეს წილს საწარმოში, რომლის საქმიანობაც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის კონტროლს ექვემდებარება. ამ შეზღუდვის მიზანია გამოირიცხოს ინტერესთა შეუთავსებლობა, როდესაც თანამდებობის პირს შეუძლია გამოიყენოს მისი უფლებამოსილება, საკუთარი ან ოჯახის კომპანიის უპირატეს მდგომარეობაში ჩასაყენებლად.

მინისტრები და მათი მოადგილეები, სხვა თანამდებობის პირების მსგავსად, ვალდებულნი არიან ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სადაც სრულყოფილად და საჯაროდ ამჟღავნებენ მათ და მათი ოჯახის წევრების ქონებასა და მიღებულ შემოსავალს. ქონებრივი დეკლარაცია მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმია, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების აღმოჩენა / პრევენცია და თანამდებობის პირთა უკანონო გამდიდრების მონიტორინგი.

ი"კვლევის შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესინტერესის მქონე მინისტრები და მათი მოადგილეები სერიოზულად არ ეკიდებიან ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს და სამეწარმეო საქმიანობის სრულად გამჟღავნების ვალდებულებას; ხოლო, მეორე მხრივ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და მისი მონიტორინგის არსებული სისტემები, როგორც კანონმდებლობა ისე პრაქტკა, ვერ უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სრულ ანგარიშვალდებულებას" - წერს კვლევის შეფასებაში "გამჭვირვალობა საქართველო".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს „საჯარო სამსახურის ბიუროს“, შეისწავლოს ამ კვლევაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. 

კვლევის სანახავად, დააჭირეთ ფოტოს ან გადადით ბმულზე

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი