აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს გიორგი კოხრეიძეს, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებსაც დღის წესრიგში ჟურნალისტები აყენებენ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, სხვადასხვა გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი იმაზე საუბრობს, რომ მაუწყებლის დირექტორმა რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და „სპექტაკლების დადგმაში“ დაადანაშაულა.
ქარტიის წევრები ჯერ აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებს შეხვდნენ, შემდეგ მრჩეველთა საბჭოს წევრებს და ბოლოს მაუწყებლის დირექტორს.
ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მგელაძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძისგან რამდენიმე გზავნილი მიაქვს ჟურნალისტებთან: "რა იქნება მომავალში... ბატონი კოხრეიძის ნაცვლად მე დაპირებას და ფიცს ნუ მომთხოვთ, გადმოგეცით ის, რაც დირექტორმა მითხრა და მისი სიტყვების ინტერპრეტირებას ვახდენ - რამდენიმე მთავარი გზავნილი იყო, ამბობს, რომ არ აპირებს მედიაპროდუქტის შინაარსში ჩარევას. განაცხადა, რომ პრეტენზიებს გამოთქვამდა მხოლოდ მასზე მომზადებულ მასალებზე, ეს არ მიაჩნია ზეწოლად და ჩარევად და ირწმუნება, რომ არ აპირებს ის კონკრეტული ადამიანების დასჯას და სამსახურიდან გაშვებას," - განაცხადა გიორგი მგელაძემ.
სკეპტიკურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ერთ სართულზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს 4 წევრმა, არ იცოდა იმ პრობლემების შესახებ, რაზეც ჟურნალისტებმა ქარტიასთან ისაუბრეს.
"ჩემდა გასაკვირად მრჩევლებმა გვითხრეს, რომ არ იცოდნენ იმ ფაქტების შესახებ, რაზეც ჟურნალისტებმა პრეტენზიები გამოთქვეს. გარედან ისე ჩანდა, რომ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა პრობლემა, თუმცა ჩვენ დაახლოებით 15 ან 20 ჟურნალისტი, თითქმის ერთ ხმაში გვიყვებოდა, შეხვედრის დროს მათ პრობლემებსა და შიშებზე. მრჩეველთა საბჭომ თქვა, რომ ეს მასშტაბები მათთვის არ იყო ცნობილი და საკითხს შეისწავლიან. მე გამიკვირდა იმავე სართულზე მსხდომმა ადამიანებმა როგორ შეიძლება არ იცოდნენ, მაგრამ მე რაც მითხრეს იმას გეუბნებით.
რაც შეეხება დირექტორს, მასთან გვქოდნა საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი. ხანგრძლივი საუბარი. მოვისმინეთ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. რაც შეეხება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, დირექტორი გვითხრა, რომ თუ კონკრეტული სიუჟეტის შინაარსზე გაუჩნდება პრეტენზიას, ის არ ჩაერევა ამაში და მოგვმართავს ქარტიას'' - თქვა გიორგი მგელაძემ.