პარლამენტთან აქციაზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 28 ადამიანი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია რომ სპეცოპერაციის დროს სხვადასხვა სახის დაზიანება სამმა მოქალაქემ მიიღო. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.
''შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.
აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.
პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები'',- აცხადებენ შსს-ში.
უწყება სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს ნათქვამია განცხადებაში