"სირცხვილიას" აქტივისტები, სტუდენტები და გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით დაიძრნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, 2020 წლისთვის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.
"ქართულმა ოცნებამ" დღეს განაცხადა, რომ "თემა დახურულია", 2020 წელს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.
2019 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, მისივე ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო. პროექტს მხარი "ქართული ოცნების" მაჟორიტარებმა არ დაუჭირეს, რომელებიც მანამდე ეთანხმებოდნენ ამ ცვლილებას.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარები ვერ გადაარწმუნა და მისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ჩავარდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა "სპექტაკლი" გაითამაშა და რეალურად დაბალი რეიტინგის გამო, მმართველ გუნდს არ აწყობს პროპორციული არჩევნები -"ისინი დაკარგავენ უმრავლესობას".
აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. თავდაპირველად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალა.
აქციის მონაწილეები კარვების დადგმას გეგმავენ.