ზვიად ქორიძე აჭარის მაუწყებლიდან მიდის - "გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ხელშეკრულება" 

25 ნოემბერი 2019, 10:33 3189 ნახვა

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტი აღარ იქნება. წასვლის შესახებ განცხადება მაუწყებლის ახალი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის სახელზე დღეს შევიდა. 

"2019 წლის 1 იანვრიდან ვასრულებ მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება" - წერს განცხადებაში მოწვეული კონსულტანტი.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი ზვიად ქორიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს გუნდს 2019 წლიდან შემოუერთდა. იგი აჭარის მაუწყებლის მართვის მოდელზე/სტრუქტურასა და შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტებზე მუშაობდა. 

ზვიად ქორიძე  25 წელზე მეტია პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია, არის მრავალი პუბლიკაციის და გადაცემის ავტორი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“,  „ტელეიმედის“, ტელეკომპანია „მზეს“, „პირველი არხის“ ახალი ამბების რედაქციებში. ასევე იყო სხვადასხვა გამოცემების რედაქტორი და კონსულტანტი.  

ზვიად ქორიძე  2011 – 2013 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს. არის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანაავტორი, რომლის საფუძველზე შეიქმნა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“.

დღეისათვის ზვიად ქორიძე  ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჟურნალისტიკის მიმართულებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 

დღესვე მაუწყებელი დატოვა  მარინა ვაშაყმაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი