ქარტიის საბჭო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

20 ნოემბერი 2019, 12:49 2224 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია, განცხადებას ჟურნალისტთა ქარტიის საბჭო ავრცელებს. გთავაზობთ სრულად განცხადებას: 

 

"სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული დისკუსია. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ეყოლება.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები პროცესში ხელისუფლების მონაწილეობის ეჭვს აჩენდა. ამის შესახებ ღიად საუბრობს ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილიც და ხედავს სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეს.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას, რომლისთვისაც აუცილებელია მიიღოს გადამოწმებული, კრიტიკული, სიღრმისეული ინფორმაცია ნებისმიერ მნიშვნელოვან თემაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა"- წერია ქართიის განცხადებაში. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი