“მთავარი არხის“ წამყვანის თქმით, სასულიერო პირი მას ეკლესიაში, სექსუალურად ავიწროებდა. გიორგი გაბუნიამ ამის შესახებ გადაცემა ''პოსტ ფაქტუმში“ ისაუბრა. ამბობს, რომ შემთხვევა რამდენიმე წლის წინ მოხდა. წამყვანს სასულიერო პირის სახელი არ დაუსახელებია. მხოლოდ განმარტა, რომ შემთხვევა “წმინდა გიორგის სახელობის ერთ-ერთ ეკლესიაში“ მოხდა.
მონოლოლგის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
''შევდივარ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. პირველად ვარ ამ ტაძარში და მეტყობა კიდეც რომ უცხოდ ვგრძნობ თავს. ვეცნობი სიტუაციას და ცოტა ხანში ჩემთან მოდის მღვდელი, რომელმაც შეამჩნია, ალბათ, რომ უცხო ვიყავი. მეუბნება, მოდი მე დაგათვალიერებინებ ტაძარსო. მე, რა თქმა უნდა, დავეთანხმე, გამიხარდა კიდეც.
დაიწყო მოყოლა: აი, აქ ეს გამოსახულებაა, აქ ეს და ა.შ. ცოტა ხანში, სრულიად მოულოდნელად ვგრძნობ, რომ წინ რაღაც შემეხო. რა თქმა უნდა, რეაქცია ისეთი მოულოდნელი მქონდა, ვიფიქრე, რომ რაღაცას დავეჯახე, მაგრამ ირგვლივ არაფერი არ იყო. მივხვდი, რომ ეს მღვდელი იყო. ჩავთვალე, რა თქმა უნდა, რომ ამდენ ხელის ქნევაში, უბრალოდ, ხელი მოუხვდა უადგილო ადგილას-მეთქი. რა უნდა მეთქვა, თან ხალხში ვართ.
გავაგრძელეთ ეს ექსკურსია და მიყვება: აქ ასეა... ცოტა ხანი კიდევ რომ გავიდა უკვე ვიგრძენი აშკარა შეხება. ვიოლინოსავით ჩამისვა ხელი, ეს უკვე აშკარად შეგნებულად გაკეთებული ჩასმა იყო.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ტაძარში, ხალხში და უცებ აღმოვაჩინე, რომ მღვდელი წინ მისვამს ხელს.
არ ვაპირებ იქ სკანდალის ატეხვას. ცხოვრებაში არ მიცემია არავინ, მით უმეტეს, მღვდელს არ ვცემდი ეკლესიაში. მივედით საკურთხევლამდე და მეუბნება, წამოდი შევიდეთო, იქ ისეთ რამეს გაჩვენებ რასაც სხვაგან ვერ ნახავო.
ისევ უხერხულად ვგრძნობდი თავს, წესით ამ მომენტში უნდა მეთქვა, რომ კარგად იყავით-მეთქი, მაგრამ რაღაცნაირად ვიფიქრე, რა უნდა ქნას ასეთი, ბარემ მაჩვენოს საკურთხეველიც და მერე წავალ-მეთქი.
შევედით საკურთხეველში - განსხვავება ტაძრისგან ის არის, რომ იქ სრულიად მარტო დავრჩით მე და მღვდელი. ისევ აგრძელებს ამ თავის მოყოლას, მეც არ ვიმჩნევ, ხომ იცით როგორც ხდება ასეთ სიტუაციებში, თითქოს არაფერი არ ხდება, არ იმჩნევ...
მათვალიერებინებს ყველაფერს და რაღაც ეტაპზე ატყობს, რომ დაძაბული ვარ და მეუბნება, ნუ გერიდებაო, შეეხე, მოუსვი ხელი ფრესკებსო, ნახეო, იგრძენი როგორი ტექსტურააო.
მეც დავემორჩილე და ამ დროს თვითონ ისეთი მომისვა, ამას მოსმა აღარ ჰქვია. ჩვეულებრივად ჯოისტიკივით დაიჭირა ჩემი ერთი ადგილი. სიტუაცია უკვე ისეთი იყო, რომ ნამდვილად ვერც ერთი ვერ მოვიტყუეობოდით, რომ ვითომ რაღაცა შემთხვევით ხდება. მე ავკარი ხელი, ავკარი კი არა ძლივს მოვაგლეჯინე. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად მივხვდი, რომ უკვე იწყებოდა სექსი მღვდელთან პირდაპირ ტაძრის საკურთხეველში, რაც არ შედიოდა ჩემს გეგმებში იმიტომ, რომ იქ სულ სხვა განწყობით და მიზნით მივედი. იმ მღვდლისთვის, ალბათ, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ ამ იდეამ დიდად არ მომხიბლა.
ამ მომენტში ვეუბნები, საკმარისია, უნდა წავიდე თქო.
უცებ მეუბნება, არა, მოდი სამრეკლოზე უნდა აგიყვანოო. ნუ, ალბათ, ეს სიმბოლურად მითხრა - სამრეკლო, ალბათ, ნამდვილიც და თავისი სამრეკლოც იგულისხმა.
მე ვუთხარი არ მინდა თქვენს სამრეკლოზე ასვლა-მეთქი.
არაო - ირონიულად ჩაიცინა - რა იყო, ჩვეულებრივი სამრეკლოაო.
არ მინდა-მეთქი, მადლობა და წავედი-მეთქი.
კარგი, კარგი, არ გინდა და ნუ გინდაო. არც უცდია, რომ დავრჩენილიყავი.
რომ გამოვედი საკურთხევლიდან, თვალის ჩაკვრით დამემშვიდობა. წამოვედი და თან ხომ მივხვდი, ეს მღვდელი ამას პირველად არ იზამდა. აშკარად, ტაძარში ვინც ხშირადაა, კარგად ეცოდინებოდა, რომ ამას ხშირად აკეთებდა. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამიტომ, ვითომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ისე გამოვდიოდი.
მივედი კარამდე და უკვე რომ უნდა გავსულიყავი გამოვიხედე საკურთხევლისკენ და რას ვხედავ - იმ მღვდელს, უკვე შემდეგი ბიჭი ჰყავს აყვანილი და გადის ზუსტად იგივე გზას, რომელიც მე გამატარა და მიჰყავს ეს ბიჭი საკურთხევლისკენ.
წარმოიდგინეთ წლების განმავლობაში იმ მღვდელს რამდენი ბიჭი ჰყავს ასე შეყვანილი იმ საკურთხეველში და რამდენი ყავს სამკრელოზე აყვანილი პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
იმ ბიჭის შემთხვევაში რა მოხდა არ ვიცი. მე გამოვედი ტაძრიდან და იქ აღარასდროს დავბრუნებულვარ'' - თქვა გაბუნიამ პირდაპირ ეთერში.