მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მეკობრეები გემთმფლობელ კომპანიასთან კონტაქტზე არ გამოსულან. გატაცებულია საქართველოს, საბერძნეთისა და ფილიპინების მოქალაქეები. მეკობრეები აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკის სანაპიროსთან ბერძნულ ტანკერს თავს გუშინ დაესხნენ.
''გემთმფლობელ კომპანიასთან ბოლო კომუნიკაცია გვქონდა დილით. ჯერ-ჯერობით გამტაცებლები კონტაქტზე არ გამოსულან. არ არის დადგენილი მეზღვაურების ადგილმდებარეობა. ეკიპაჟის წევრების გატაცება მოხდა, შეიარაღებული მეკობრეების მიერ. გატაცებულია ორი ფილიპინელი, ერთი ბერძენი და ერთიც ქართველი მეზღვაური. ჩვენ გუშინვე დავუკავშირდით გემთმფლობელ კომპანიას, რომელმაც გვითხრა, რომ ყველა ღონისძიებას ატარებენ იმისთვის, რომ ეკიპაჟის წევრები მოკლე დროში დააბრუნონ. ასევე კავშირზე ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. საქმეზე გამოძიება ტონგოში უკვე დაწყებულია'' - აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.
გემზე იმყოფებოდა შეიარაღებული დაცვა, ბერძნული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია დაცვის წევრი.
ჯერ კიდევ უცნობია მეკობრეების მოთხოვნა. გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში ლომეს პორტში. თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა.