პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიური ძეგლთან დაკავშირებით, საზოგადოება „ბათომი“ ხელისუფლებას მიმართავს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პეტრა-ციხისძირის შემდგომი ბედი გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და არქეოლოგიური ობიექტების არეალს სასწრაფოდ უნდა მიენიჭოს არქეოლოგიური ზონის სტატუსი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებას წერდნენ იმ რისკების შესახებ, რაც ძეგლს ემუქრება. ეროვნულმა სააგენტოს მიერ გამოგზავნილ საპასუხო წერილში კი წერია, რომ პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიურ ძეგლს ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული არქეოლოგიური ზონის სტატუსი, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, ეს ტერიტორია მონიშნულია, როგორც არქეოლოგიური დაცვის ზონა.
საზოგადოება ''ბათომის'' მიმართვა :
„თქვენდამი გამოგზავნილ მიმართვაში (07 ოქტომბერი, 2019 წელი) გწერდით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. ციხისძირში, მდებარე პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიური ძეგლის მნიშვნელოვანი მეცნიერული ღირებულებისა და იმ რისკების შესახებ, რაც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ამ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლს ემუქრება.
ეროვნულმა სააგენტომ ჩვენი წერილის პასუხად გვაცნობა, რომ პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიურ ძეგლს (და არც მის ჩრდილოეთით მდებარე სანაპიროს) ოფიციალურად არ აქვს მინიჭებული არქეოლოგიური ზონის სტატუსი, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ დაბა ჩაქვისა და კურორტ ციხისძირის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე (05.02.2019, სარეგისტრაციო კოდი – 010250050.35.131.016284; https://matsne.gov.ge/ka/document/view/4492454?publication=0) ეს ტერიტორია მონიშნულია, როგორც არქეოლოგიური დაცვის ზონა (ფორმულირება/ტერმინოლოგია შესაძლოა არაზუსტია, თუმცა დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საკრებულომ იცის, რომ ეს არის მაღალი არქეოლოგიური პოტენციალის მქონე არეალი, სადაც არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგად გამოვლენილია არაერთი არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა გამოვლენა, სხვათა შორის, ახალმშენებლობლობებთან იყო დაკავშირებული). ეს ფაქტი იმაზეც მეტყველებს, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არ არის სათანადო/საჭირო/სასურველი კოორდინაცია (აქვე დავსძენთ, რომ მთელს ამ ტერიტორიას გასული საუკუნის 80–იან წლებში მინიჭებული ჰქონდა არქიტექტურულ–არქეოლოგიური ნაკრძალისა და დაცული ტერიტორიის სტატუსი).
გამომდინარე იმ რისკებიდან, რომლის წინაშეც წლებია დგას პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიური მემკვიდრეობა (განსაკუთრებით ბობოყვათის სანაპირო ზოლი, რომელიც პერიოდულად სხვადასხვა მესაკუთრის ხელში ექცევა), მოვითხოვთ პეტრა–ციხისძირის არქეოლოგიური ობიექტების გავრცელების არეალისათვის (ციხის ტერიტორიიდან ჩრდილოეთით საპატრიარქოს კუთვნილი ტერიტორიის ჩათვლით) არქეოლოგიური ზონის სტატუსის სასწრაფოდ მინიჭებას, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა–ძიება (მათ შორის ახლად გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი: საკადასტრო კოდი – 20.42.09.422) და საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკვე გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტების მოვლა–პატრონობა.
ასევე, ძალიან სასურველია/აუცილებელია, მოეწყოს საჯარო შეხვედრა, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე დაესწრება და ჩვენს კითხვებზე პასუხებს მოვისმენთ, რათა უფლებამოსილმა პირებმა მოგვცენ გარანტიები, რომ აღნიშნული ტერიტორია დაცული იქნება საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობისა და კონვენციების მიხედვით და არქეოლოგებს მიეცემათ მისი შესწავლის საშუალება“.