სასამართლომ ''ნაციონალურ მოძრაობას'' აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს საკონკურსო კომისიის მუშაობის შეჩერებაზე უარი უთხრა

10 ოქტომბერი 2019, 15:54 2246 ნახვა

სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევი კომისიის მუშაობა არ შეაჩერა. შესაბამისი შუამდგომლობით  ''ნაციონალურმა მოძრაობამ''  ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 7 ოქტომბერს მიმართა.

ოპოზიციას სასამართლოში გასაჩივრებული აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებაც, რომლითაც აღნიშნული საკონკურსო კომისია დაკომპლექტდა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ის კანონდარღვევით შეიქმნა, მმართველ გუნდს კი, უმცირესობის წევრებთან კონსულტაციები  არ გაუმართავს. ​ელგუჯა ბაგრატიონი ირწმუნება, რომ დავით გაბაიძე მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაციით შემოიფარგლა, ისიც არასამუშაო საათებში.

''თუკი კომისიის მუშაობა შეჩერდებოდა ეს გამოიწვევდა მაუწყებლის საჯარო ინტერესის ზიანს, ვერ დაკომპლექტდებოდა მრჩეველთა საბჭო, ვერ ჩატარდებოდა კონკურსი და ვერ აირჩევდნენ ახალ დირექტორს'' - ეს მოსამართლის არგუმენტი, რომელიც შუამდგომლობის ავტორებს გამოუგზავნეს.  გია აბულაძის განცხადებით, კი ამ პროცესების შეჩერებაზე მათ სასარჩელო მოთხოვნაში საუბარი საერთოდ არ ყოფილა. სწორედ ამიტომ ოპოზიცია შერჩევით სამართალზე საუბრობს და მოსამართლე კობა გოცირიძის  მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ავლებს პარალელს, რომელმაც კონკურსის შეჩერებაზე გიორგი კოხრეიძის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თქმით, მათი სარჩელი უფრო დასაბუთებული და მტკიცებულებებით გაჯერებული იყო. ოპოზიციაში ხელისუფლების ინტერესებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებებით, რომლებიც  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეხება,  ხელისუფლება ცდილობს მაუწყებელზე გავლენა ჰქონდეს. ​

''პროცესები რაც ვითარდება აჭარის ტელევიზიასთან მიმართებაში, აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ყველგან ერევა და ცდილობს, გავლენა მოახდინოს სარედაქციო პოლიტიკაზე. სასამართლომ რატომ არ დაუსვა, რომ მაგალითად მოქმედმა მრჩეველთა საბჭომ აირჩიოს დირექტორი და არ იყოს ეს ახალი ბორის გასაკეთებელი. ჩვენ სასამართლოს განჩინება გვეუბნება, რომ იმპერატიულად ახალმა შემადგენლობამ უნდა აირჩიოს დირექტორი. ამ გარემოებების გათვალისწინებით სახეზე გვაქვს შერჩევითი სამართალი'' - განაცხადა ბრიფინგზე გია აბულაძემ. 

კომისიას, რომელიც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატების საბუთებს სწავლობს, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' უნდობლობას უცხადებს.

კომისიის წევრებს მუშაობა დაწყებული აქვს. კანდიდატების განცხადეებბის გადარჩევის  ეტაპი უკვე დაასრულა და 4 კონკურსანტი მეორე ეტაპზე ვერ გადავიდა. მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი თავდაპირველად 23-მა პირმა გამოთქვა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს, ნატა იმედაიშვილს, ბეჟან გობაძეს, გიორგი ირემაძესა და ირაკლი დარცმელიძეს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი