მშობელი ამბობს, რომ ქაქუთის ბაღში ინვენტარის შესაძენად ფულს ითხოვდნენ 

04 ოქტომბერი 2019, 15:31 4277 ნახვა

ქაქუთის საბავშვო ბაღში ''პუფებისთვის'', ჭურჭლისთვის, წყლის მილებისთვის ფულს მშობლებს სთხოვენ - ამის შესახებ აჭარის მაუწყებელს ერთ-ერთი მშობელი მოუყვა. 

დაახლოებით ერთი კვირის წინ ბაღში კრება ჩატარდა. პედაგოგებმა მშობლებს უთხრეს, რომ ინვენტარის შესაძენად თანხა უნდა შეეგროვებინათ.  

''ერთმა მშობელმა, რომ უთხრა არ მაქვს ფულიო, მაშინ წაიყვანეო ასე უთხრა საწყობის გამგემ. ჯერ მაგას ვინ ეკითხება. 20 თუ 30 ლარს ითხოვდნენ, ვისაც ორი ყავს 50 ლარს სთხოვდნენ. ეს კერძო ბაღია თუ სახელმწიფო ვეღარ ვხვდები. კრებაზე ჩემი მეუღლე იყო, მე არ ვესწრებოდი, თუმცა ყველაფერი მეც დეტალურად ვიცი. ორივე შვილი ამ ბაღში დადის'' - მოუყვა მაუწყებელს მშობელი, რომელმაც სახელისა და გვარის დასახელება არ ისურვა. 

მშობელს ჯერ-ჯერობით პრეტენზიით ბაღების გაერთიანებისთვის არ მიუმართავს, თუმცა გეგმავს, რომ ფაქტის შესახებ შესაბამსს უწყებას აცნობოს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქაქუთის ბაღის გამგეს დაუკავშირდა. ია ტაკიძე ამ ეტაპზე სატელეფონო  ზარებს არ პასუხობს. კიდევ ერთი ნომერი კი გამორთული აქვს. 

ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ არაფერი სმენიათ. მშობელს ამ ეტაპზე მათთვის პრეტენზიით არ მიუმართავს.

ია ხალვაშის თქმით, საკითხის მოკვლევას აუცილებლად დაიწყებენ, თუ პროცესებში მშობლებიც ჩაერთვებიან, ყველა დეტალს მათთან ერთად გაივლიან. მისივე განმარტებით, მსგავსი შემთხვევა არცერთ ბაღში არ დაფიქსირებულა. 

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს წარმოუდგენლად მიაჩნია, ბაღში მშობლებისთვის ფულის მიტანა დაევალებინათ, მითუმეტეს ისეთი ბაღში, რომელსაც 21 წლიანი გამოცდილების გამგე ხელმძღვანელობს. 

''მსგავსი ფაქტი, რომ რომელიმე ბაღის გამგეს ან ჩემს თანამშრომელს დაუდასტურდეს, ამას რეაგირების გარეშე დავტოვებთ? აუცილებლად ადმინისტრაციულ ზომებს მივიღებთ. თუ აქვს რაიმე ინფორმაცია, მტკიცებულებით ან ისეც მოგვაწოდოს. პედაგოგებს და მშობლებს ერთად მოვუყრით თავს და ერთად განვიხილავთ. ასე ადამიანმა შეიძლება ყველაფერი იკადროს... ბაღის გამგესთან ჯერ კომუნიკაცია არ მქონია. პირველ რიგში მინდა მშობელს გავესაუბრო, მოვიდეს მოგვმართოს'' - უთხრა მაუწყებელს გაერთიანების ხელმძღვანელმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი