აჭარაში გზის უხარისხოდ დაგების ფაქტს პროკურატურა იძიებს - გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

23 სექტემბერი 2019, 16:14 5157 ნახვა

აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების საქმიანობა შეისწავლა და 2016-17  წლებში დაგებული გზები უხარისხოდ მიიჩნია. საუბარია ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე. დასკვნაში წერია, რომ პროექტი შესრულებულია უხარისხოდ.  ასევე, აუდიტებმა თქვეს, რომ დისკრიმინაციული იყო კომპანიების შერჩევის ფორმა, საეჭვო ჯარიმების დაუწერლობის ფაქტი. 

ამ პერიოდში  უწყებას უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი, გიორგი რომანაძე და მთავრობის ახლანდელი აპარატის  უფროსი, არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდნენ. 

გიორგი რომანაძემ 22 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელიც განხორციელდა ამ გზის მშენებლობის დროს კომპანიასთან, ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული, რადგან პროექტის ჩავარდნის საფრთხე არსებობდა.  

ასევე, მოქმედი დეპუტატი და აჭარის საგზაო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ აუდიტი საეჭვო დასკვნებს დებს. 

რაც შეეხება ზენითი-ალამბარის მიმართულებას, იქ საკმაოდ ბევრი არგუმენტია მოყვანილი იმისთვის, თუ რატომ გახდა გზის ხელმეორედ დაგება საჭირო. არ შეიძლება ასე არა არგუმენტირებულად, ვარაუდის დონეზე დაწერო. თუ შპს სამკუთხედმა გააკეთა სამუშაოები ორი წლის წინ და ახლაც შპს სამკუთხედი აკეთებს, თითქოს ეს წინა სამუშაოების ნაკლოვანებების გადაფარვაა, მსგავსი არგუმენტაცია ჩემთვის მიუღებელია. 

ერთი რამის თქმა შემიძლია, როდესაც ასეთ მაშტაბურ სამუშაოებზეა საუბარი და შენ მოსაზრება დონეზე ლაპარაკობ, არასწორია. შეიძლება დამთხვევაც იყო, მაგრამ ჩვენი ოპონენტების, ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწყებულ აჟიოტაჟს საეჭვოდ ემთხვევა, ასეთი მკვეთრი, არაარგუმენტირებული მოსაზრებები, რომელიც აუდიტის დასკვნაში წერია'' - თქვა რომანაძემ. 

ობიექტური მიზეზები თუ კანონდარღვევა - ამ ფაქტს უკვე პროკურატურა სწავლობს. როგორც უწყებაში გვითხრეს, გამოძიება სამი მიმართულებით მიმდინარეობს. 

"გიდასტურებთ, მიმდინარეობს გამოძიება. 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის გაფლანგვას გულისხმობს. ასევე, 332-ე მუხლის პირველი ნაწილი - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება" - გვითრეს პროკურატურაში. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი