როგორ დაეხმაროთ პირველკლასელებს სასკოლო დღეების მარტივად გადალახვაში 

13 სექტემბერი 2019, 10:07 2218 ნახვა

3 დღეში, 16 სექტემბერს სკოლებში სწავლა დაიწყება. განსაკუთრებით ემოციურია ეს დღე პირველკლასელებისთვის და მათი მშობლებისთვის. 

​ფსიქოლოგები უფროსებს ურჩევენ ბავშვებს სირთულეების დაძლევაში თავად დაეხმარონ, არ შეადარონ სხვებს და პატარების მიერ დაშვებულ შეცდომებს ადეკვატურად შეხედონ.

წაიკითხეთ ​ნეიროფსიქოლოგ თამარ  გაგოშიძის რჩევები, რომელიც რთული სასკოლო დღეების მარტივად გადალახვაში დაგეხმარებათ. 

''მშობელმა უნდა ითანამშრომლოს მასწავლებელთან. პედაგოგზე არის დამოკიდებული 90%, როგორ ჩაერთვება ბავშვი სასწავლო პროცესში, რამდენად ხალისიანი და საინტერესო იქნება. 

მშობელმა შვილი არ უნდა შეადაროს სხვა ბავშვებს. არც თავის და-ძმას, "შენი და-ძმა კარგად სწავლობდა - ამის თქმა არ შეიძლება. როცა ბავშვს უჭირს სწავლა და ერთი ახსნით ვერ ახერხებს გაგებას, მშობელი მასზე არ უნდა გაღიზიანდეს. ამ დროს მხარი უნდა დაუჭიროს''. 

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ბავშვის სასკოლო მზაობა მნიშვნელოვანია, ბაღში გამომუშავებული უნარ-ჩვევები კი საგაკვეთილო პროცესში დაეხმარება. 

''შეუძლია თუ არა ბავშვს ნახევარი საათი იჯდეს  მშვიდად, შეუძლია თუ არა იმპულსის შეკავება, შეუძლია თუ არა მასწავლებლის მოსმენა 30 წუთის განმავლობაში. ახერხებს თუ არა აზრის გადმოცემას თავისუფლად, აქვს თუ არა ლექსიკური მარაგი. შეუძლია თუ არა მოსმენილიდან  შინაარსის გამოტანა - მოკლედ,  ბევრი პარამეტრია, რომელსაც მშობელმა უნდა მივაქციოთ ყურადღება'' - ამბობს გაგოშიძე. 

მშობლები, რომლებიც მუშაობენ გაკვეთილების შემდეგ პირველკლასელებს ხშირად გახანგრძლივებულ ჯგუფებში ტოვებენ. თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

''რა გააკეთონ მშობლებმა, როცა 6 საათამდე სამსახურიდან ვერ გამოდიან. დამსაქმებელი არ უწყობს ხელს შვილიან ადამიანებს იმისთვის, რომ ადამიანურად მოექცნენ თავიანთ შვილებს. პირველკლასელი ბავშვი იღლება. ის არ არის ჩვენნაირი. მას ხან ეძინება, ხან დასვენება უნდა, ხან თამაში უნდა. 6 წლის ბავშვისთვის დიდი დატვირთვაა გახანგრძლივებულში ყოფნა. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმიტომ, რომ პატარა ბავშვი 12 საათამდე უნდა იყოს სკოლაში და შემდეგ სახლში უნდა მოდიოდეს, მაგრამ მშობლებს აქვთ სერიოზული პრობლემა, რითი დააკავნო ბავშვები, ვინ უნდა დახვდეს სკოლიდან მოსულ ბავშვს, ვინ უნდა გამოიყვანოს სკოლიდან, მერე რა უნდა გააკეთოს და ა.შ.

შედეგი კი არის ის, რომ ბავშვი არის დემოტივირებული. აღარ აინტერესებს გადაღლილ ბავშვს არაფერი. ამოსული აქვს ყელში, მთელი დღე სკოლაში ყოფნა'' - ამბობს ფსიქოლოგი. 

არიან ბავშვები, რომლებიც ჯიუტობენ და არ სწავლობენ. სპეციალისტების თქმით, თუ მოზარდი ვერცერთი საკითხებით ვერ ინტერესდება და ყველაფერს აპროტესტებს ეს სერიოზული პრობლემაა. 

''მსგავსი სიტუაცია არის ფაქტობრივად, წითელი დროშის აღმართვა და სიგნალი იმისა, რომ ბავშვს რაღაც პრობლემა აქვს. პირველ კლასში გამორიცხულია ბავშვი რამეს აპროტესტებდეს. ბავშვს უხარია სწავლა, თუ რა თქმა უნდა, არ აქვს ემოციური პრობლემა. ხანდახან ზოგიერთ ბავშვს ახასიათებს სასკოლო შფოთვა, ტირის და სკოლაში არ რჩება დედის გარეშე. სხვა შემთხვევაში ბავშვები სიხარულით მიდიან სკოლაში, რადგან ისინი ძალიან ცნობისმოყვარე არსებები არიან. უნდათ რაღაცების გაგება, ათვისება, თუ ამ ყველაფერს ბავშვი აპროტესტებს და ვერაფრით ინტერესდება, მაშინ ბავშვს ნამდვილად პრობლემა აქვს''...

წყარო: mshoblebi.ge

 

ფოტო: პანკისის სათემო რადიო

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი